საქართველოს მიმართ სოლიდარობა გამოხატეს აზერბაიჯანელმა და გერმანელმა სტუდენტებმაც.
მიუნჰენში აქციის ორგანიზატორის, ირინე ჩიხლაძის თქმით, 17 ნოემბერი დემოკრატიულ ქვეყნებში სტუდენტების პროტესტის დღეა. ამ დღეს სტუდენტები მათთვის პრობლემატურ საკითხებზე გამოხატავენ პროტესტს.
“17 ნოემბერი 1941 წელს დიდ ბრიტანეთში სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და 1939 წელს 17 ნოემბერს პრაღაში გამართულ სტუდენტთა პროტესტს მიეძღვნა, რომელიც მიმართული იყო ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ. მაშინ აქცია სასტიკად დაარბიეს _ 9 აქტივისტი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დახვრიტეს, 1200 მეტი სტუდენტი კი საკონცენტრაციო ბანაკებში გაამწესეს.
ქართველი სტუდენტებისთვის საქართველოს ოკუპაციაზე მტკივნეული და აქტუალური საკითხი არ არსებობს. რა თქმა უნდა, პროტესტის გამოხატვისთვის განსაკუთრებული ბიძგის მიმცემი იყო დიცსა და დვანში განვითარებული მოვლენები. ამიტომ 17 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქალაქში _ მიუნჰენში, პრაღაში, ბრიუსელსა და ლონდონში _ ქართველმა სტუდენტებმა მოვაწყვეთ საპროტესტო აქციები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ.
აქციების მიზანია, ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი მშვიდობიანი საშუალებით მსოფლიოს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს თავის იმპერიალისტურ პოლიტიკას, ღიად და პერმანენტულად ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს, სასტიკად არღვევს ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნებს. სტუდენტები მოვუწოდებთ ჩვენს რუს, ოს, აფხაზ, აზერბაიჯანელ, სომეხ, დაღესტნელ, ჩეჩენ, ინგუშ, თურქ და ევროპელ მეგობრებს დაგვიდგნენ გვერდით, რათა ერთად მოვითხოვოთ რუსეთისაგან მშვიდობა, კეთილმეზობლური ურთიერთობა, პატივისცემა, და რაც მთავარია საქართველოს დეოკუპაცია. რათა 450 000 ქართველს მიეცეს საკუთარ მიწაზე, საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება და ყველამ ერთად, აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, მშვიდობიან, საერთო მომავალზე”, _ აღნიშნა ირინე ჩიხლაძემ.
მისი თქმით, საქართველოს ოკუპაციის თემამ არ უნდა დაკარგოს აქტუალობა. თითოეული ქართველი ვალდებულია მის ხელთ არსებული საშუალებებით იბრძოლოს ოკუპაციის წინააღმდეგ.
ევროპაში მცხოვრები ქართველი სტუდენტები გეგმავენ, მსგავს აქციებს მიეცეს პერმანენტული ხასიათი და ჩატარდეს 2-3 თვეში ერთხელ.
პირველი აქცია ქართველმა სტუდენტებმა ოქტომბერში გამართეს.