ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 36.45 პროცენტია, რაც რაოდენობრივად 1 279 947 ამომრჩეველია.
ცესკო-ს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ისევ მე-19 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში 49.5 პროცენტი, ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა არის ქვემო ქართლის რეგიონში 33.9 პროცენტი.
„კენჭისყრის პროცესი გრძელდება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან არჩევნების დასრულებამდე 4 საათი დარჩა. ასევე, შეგახსენებთ, რომ სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი 311 გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით ემსახურება ამომრჩევლებს. თბილისში ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება ვაკის რაიონში, სადაც ამომრჩეველთა 36.2 პროცენტმა უკვე დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისში არის ისნის რაიონში, სადაც სამი საათის მონაცემებით ხმა 35 475-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 31% პროცენტს შეადგენს“, _ განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნები ასევე ტარდება საზღვარგარეთ 38 ქვეყანაში, 52 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ავღანეთის 2 საარჩევნო უბანზე.
„რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში ჯამში შესულია 90 საჩივარი, რომლებიც ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს. მაგალითად, წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასწორი შევსება, სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესების დაღვევა და სხვა. თითოეულ საჩივარს შეისწავლიან საოლქო საარჩევნო კომისიები და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა პრესსპიკერმა.