(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მურთაზ აბაშიძე პროკურატურაში სარჩელის შეტანას იმ სახელმწიფო მოხელეთა მიმართ გეგმავს, რომლებმაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით კანონსაწინააღმდეგო აქტები გამოსცეს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავა მოქალაქე მურთაზ აბაშიძის სასარგებლოდ გადაწყვიტა და მის მიმართ ფინანსთა სამინისტროს მიერ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოდ მიიჩნია.
ოზურგეთის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებების თანახმად, აბაშიძეს 2002 წელს, ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით წარმოშობილი დავალიანება უნდა გადაეხადა.
აბაშიძის საქმის შესახებ “გურია ნიუსმა” ჟურნალისტური გამოძიება გასულ წელს გამოაქვეყნა. რომ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ომის ვეტერანს, ფინანსთა სამინისტროს ქვეუწყების, გურიის საგადასახადო ინსპექციისა და ინსპექტორების ქმედებების გამო, ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გაყიდვა მოუხდებოდა _ აბაშიძის უძრავ-მოძრავ ქონებას ერთი სახლი და 1200 კვ.მ მიწა შეადგენს. საგადასახადო სამსახური მას 1985 წელს გამოშვებულ “რენო მოსკვიჩსაც” ედავებოდა.
გირავნობა-იპოთეკის წარმოშობის შემდეგ, როგორც კი პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება აბაშიძის საწინააღმდეგოდ გამოიტანა, საგადასახადო ინსპექციამ შუამდგომლობით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე. დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 1 700 ლარს შეადგენდა, აბაშიძეს არ გადაუხდია იმ მიზეზით, რომ სასამართლო დავა მეორე ინსტანციაში გააგრძელა, თუმცა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებაც საბოლოო ინსტანციაში გაასაჩივრა.
როგორც აბაშიძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი და მეორე ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადეკვატური იქნებოდა, საკუთარი ინტერესების დაცვას ევროპის სასამართლოში შეეცდებოდა. თუმცა, მას ევროპის სასამართლოში დავის გაგრძელება აღარ მოუხდება.
როგორც ადვოკატი კახა ჩავლეშვილი ამბობს, საგადასახადო სამსახური ცდილობს, დააშინოს მეწარმეები და აფიქრებინოს, რომ მათთან და სასამართლოსთან დავას აზრი არ აქვს, თუმცა, ფაქტია, რომ ეს ასე არ არის, ანუ თუ საქმეს საბოლოო ინსტანციამდე მიყვებით, დიდი ალბათობაა დავა მეწარმის სასარგებლოდ გადაწყდეს.