“გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ განკარგულებას, რომელიც 2013 წლის 14 ნოემბრით თარიღდება.
“სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის ათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ღონისძიებების გადაღებასა და პირდაპირ ეთერში გაშუქებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს “საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ – საზოგადოებრივ მაუწყებელს გამოუყოს 120 000 ( ას ოცი ათასი ) ლარი.
პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი”
“გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის პიარ-მენეჯერ თიკო ბერძენიშვილს მიმართა.
“ეს არის საჯარო ინფორმაცია. შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ და ჩვენი იურისტები გაგცემენ პასუხს”, _ გვითხრა თიკო ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ტყემალაძემ ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, რომ ეს თანხა ჯერ არ დახარჯულა (?!).
“კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მიმართეთ პრესამსახურს ან კიდევ ხვალისთვის დამიკავშირდით”, _ თქვა ჩვენთან საუბრის დროს თამაზ ტყემალაძემ.
“ეს არის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი თანხა. პეტეესი, სიგნალი თანამგზავრზე, რომ მთელ მსოფლიოს მიეღო სიგნალი ინაუგურაციის ღონისძიების, ამისთვის საჭიროა სერიოზული ტექნიკა და საკმაოდ ბევრი ხალხი. ტექნიკური უზრუნველყოფა თავისთავზე აიღო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, _ გვითხრა პრემიერ-მინისტრის პრესამსახურის უფროსმა, ნონა ყანდიაშვილმა.