“მე მოვისმინე ძალიან თბილი სიტყვები და მინდა გავიხსენო ის სიტყვები, რომელიც ერთი წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხანუქას დღესასწაულთან დაკავშირებით თქვა. ეს სიტყვა არის ის, რომ ებრაელებისთვის საქართველო არის სამშობლო, მათი სახლი. ისრაელი არის ქართველების სახლი”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე გაიხსენა ისრაელში მისი ვიზიტი, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
“მინდა აბსოლუტური გულწრფელობით გითხრათ, როდესაც იქ ჩავედი, ვიგრძენი ის სითბო, რომელიც არის მხოლოდ ერთ ადგილას, სახლში.
ამიტომ მე მინდა ვუსურვო ჩვენს ხალხს, ქართველ და ებრაელ ხალხს იმედი და რწმენა”, _განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერი გამოეხმაურა ისრაელსა და საქართველოს შორის მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც სავიზო რეჟიმის გაუქმებას ეხება.
“ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით ისრაელსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. სულ ორიოდე კვირის წინ მოხდა ეს და მე ვარ ამაყი, რომ მხვდა პატივად ხელი მომეწერა ამ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტზე. აქვე მინდა ძალიან დიდი პატივისცემით ბიძინა ივანიშვილის სახელი ვახსენო, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განამტკიცა და გააძლიერა ებრაელებსა და ქართველებს შორის არსებული 26 საუკუნოვანი ურთიერთობა, ძმობა და მეგობრობა. ამიტომ მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო ამისათვის მთელი ქართველი ერის სახელით”, _ აღნიშნა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიაში. სწორედ მას ხვდა პატივი აენთო პირველი სანთელი. რაც შეეხება რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებას, მას დაესწრნენ პრემიერ-მინისტრის გარდა მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასვე ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია და ადგილობრივი ბიზნესმენები.