კაკაბაძე აცხადებს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის არ შექმნით, მთავრობამ ის ხალხი მოატყუა, რომელსაც სჯეროდათ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის და ამ იმედით მიიღო მონაწილეობა “1-ლი ოქტომბრის რევოლუციაში”.
“საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე დადგა პარლამენტში ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მოთხოვნა, ამ კომისიას უნდა განეხილა ის უკანონო განაჩენები, რომელთა გამოც ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, ზოგს ქონება ჩამოერთვა, ზოგი ციხეში მოხვდა, ზოგმა ახლობელი დაკარგა. სულ მალე მთავრობის კულუარებიდან გაჟონა ინფორმაციამ, რომ ეს კომისია არ შეიქმნებოდა, დღეს კი იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ პროცესი კი არ შეჩერდა, არამედ ცოტა ხნით გადაიდო, მიზეზად კი მოიყვანა – საქართველოს ბიუჯეტს არ აქვს საშუალება გამამართლებელი განაჩენის დროს ფულადი კომპენსაცია გასცესო. ეს ადამიანები პირველ რიგში მორალურ კომპენსაციას ითხოვენ, ბევრ მათგანს ფული არც კი აინტერესებს, უბრალოდ უნდათ სამართალმა იზეიმოს და საზოგადოებამ გაიგოს, რატომ იყვნენ დაპატიმრებულნი,” _ ამბობს კაკაბაძე.
მისივე განცხადებით, თუ მთავრობის სურვილი იქნებოდა, შესაძლებელი იყო ფასიანი ქაღალდებით ან სხვა რაიმე ფორმით მომხდარიყო კონპენსაცია.
“მთავრობას არ სურს ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა, რადგან კოაბიტაციურ რეჟიმშია ჯერ კიდევ. ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ მოატყუა ის ადამიანები, რომლებმაც 1-ელ ოქტომბერს სამართლიანობის აღდგენას მისცეს ხმა”.
ცნობისთვის, ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან იკრიბებიან პატიმართა და მსავრდებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.