გაჩეჩილაძეს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დავურეკეთ, თუმცა, როგორც კი ჩვენი ვინაობა და კითხვა გაიგო, გვითხრა, რომ “არ ეცალა, ძალიან დაკავებული იყო” და ტელეფონი გაგვითიშა.
ლევან გაჩეჩილაძე საზოგადოებისთვის, თავდაპირველად, როგორც ბიზნესმენი, ისე გახდა ცნობილი. 1994 წელს მან დააფუძნა კომპანია “Georgian Wines and Spirits” (GWS), რომელიც 1999 წელს საქართველოს “წლის კომპანიად” დასახელდა, ხოლო თავად გაჩეჩილაძემ კი”წლის ბიზნესმენის” წოდება მიიღო. მისი პირადი ქონება $10 მილიონი აშშ დოლარად იყო შეფასებული.
პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა ვაკის საარჩევნო ოლქიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია “ახალი მემარჯვენეები”. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი “მემარჯვენეების” სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მან ხმათა 25.7% მიიღო.
ბოლო რამდენიმე წელია გაჩეჩილაძეს პოლიტიკური ტაიმაუტი აქვს აღებული. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ძალიან მალე გაჩეჩილაძე მოძრაობა “დაიცავი საქართველოსთან” ერთად გააქტიურდება. როგორც გვითხრეს, სწორედ ამის წინაპირობაა სოციალურ ქსელებში წამოწყებული კამპანია _ თბილისელი თბილისის მერად!