-არჩევითობა
-ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებში მართვა-გამგებლობაში გარკვეული დამოუკიდებლობა.
მიიჩნევა, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი თვითმმართველობაა და იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატიული მმართველობის საკმაო გამოცდილებაა, დიდი ყურადღება ექცევა თვითმმართველი ორგანოების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში მათი კომპეტენციის ზრდას. ამისთვის ქმნიან შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს, ადგილობრივი პოლიტიკური ლიდერები არიან რაც შეიძლება აქტიურნი და სამოქალაქო საზოგადოება მაქსიმალურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ამასთან, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ლოკალური პრობლემების გადაწყვეტა ყველაზე უკეთ მათ შეუძლიათ, ვისაც ამ პრობლემებთან ყოველდღიურად აქვს შეხება. ე.ი დეცენტრალიზებული მართვა ზრდის სახელმწიფო აპარატის მუშაობის ეფექტურობას.
საქართველოში თვითმმართველობას არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორია გააჩნია-თუ არ ჩავთვლით 1991 წელს არჩეულ თვითმმართველ ორგანოებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოახერხეს ფუნქციონირება, თვითმმართველობა, როგორც ასეთი, საქართველოში იწყება 1998 წლიდან, როდესაც არჩეულ იქნა და ფუნქციონირება დაიწყო ადგილობრივმა თვითმმართველმა ორგანოებმა. (1995 წლის კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად) რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, შევარდნაძის დროინდელ თვითმმართველ ორგანოებს გააჩნდათ მეტი დამოუკიდებლობის ხარისხი. სისტემა იყო ბევრად უფრო დეცენტრალიზებული 1998-2003 წლებში, ვიდრე 2004-2012 წლებში.
2006 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში. რეფორმა ემსახურებოდა არა იმდენად თვითმმართველი ორგანოების მუშაობის ეფექტურობის ამაღლებას, არამედ სისტემის ცენტალიზაციასა და კონტროლის მაქსიმალურ გაზრდას. კანონპროექტს (ისევე როგორც მთლიანად რეფორმას) არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა ხელისუფლების წარომადგენლებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან: რეფორმის მომხრეები მას გამართლებულად მიიჩნევდნენ და მოჰყავდათ შემდეგი არგუმენტები:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობებს არ ჰყოფნიდათ (და არც შეეძლოთ) მათივე ექსკლუზიური უფლებების განხორციელებისთვის საჭირო რესურსები, რაც თავის მხრივ საჭიროს ხდიდა ცენტრის ჩარევას.
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ჰქონდათ მაღალკვალიფიციური კადრების პრობლემა…
რაც შეეხება რეფორმის მოწინააღმდეგეებს, ისინი მიიჩნევდნენ, რომ მოისპო ის სუსტი დეცენტრალიზაციაც კი, რომელიც მიღწეული იყო 1998-2004 წლებში. შედეგად კონსტიტუციაში დეკლარირებული აგილობრივი თვითმმართველობის იდეა მხოლოდ იდეად დარჩა და რეალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირის დროინდელი რაიკომების სისტემა, რომლებიც ცენტრიდან იმართებოდა.
მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი: ბანაკს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აფინანსებდა, მაგრამ თუკი თანხა არ აღმოჩნდებოდა საკმარისი (?) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხდებოდა დანაკლისის შევსება: მაგ. 2011 წელს, მუნიციპალიტეტმა გამოყო 2124 ლარი 5 ავტობუსის დასაქირავებლად (რომლებიც ბანაკის დამსვენებლებს უნდა მომსახურებოდნენ) ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის გამოყოფა პრეზიდენტის განკარგულების გაცემის შემდეგ დაევალა. ამგვარი პრეცენდენტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს… ზეწოლა თვითმმართველობებზე განსაკუთრებით ძლიერდებოდა წინასაარჩევნო პერიოდში.
2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის მეშვიდე თავს თვითმმართველობის შესახებ დაუმატა სამი მუხლი: 101[1] 102[2] და 103[3]. თუმცა ამ შემთხვევაშიც საქმე ისევ ზოგად პრინციპებთან გვაქვს.
2010-2012 წლის მდგომარეობით, თვითმმართველობებს გააჩნიათ შემდეგი პრობლემები:
• თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ტექნკური, ფინანსური და ადამიანური რესურსები საკუთარი კომპეტენციის სრულად გასახორციელებლად
• ცენტრალური ხელისუფლება ხშირად ერეოდა თვითმმართველი ორგანოების საქმეებში და იყენებდა ზემოქმედების სხვადასხვა მეთოდებს (განსაკუთრებით-წინასაარჩევნო პერიოდში)
• მიმდინარეობდა მაკონტროლებელი ორგანოების ცენტრალიზაცია
• რეგიუნალური განვითარების არსებული მეთოდი არ ითვალისწინებდა ქვემოდან ზემოთ დაგეგმვისა და განვითარების შესაძლებლობას.
• არ ხდებოდა ფუნქციების რეალური გადატანა ზემო დონიდან ქვემო დონეზე
• თვითმმართველობები ფინანსურად დამოკიდებულნი იყვნენ ცენტრალურ ხელისუფლებაზე
• ძალზე მცირე იყო თვითმმართველი ერთეულების საგადასახადო შემოსავლები.
ამგვარი მიდგომით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო თვითმმართველობის რეფორმის გატარება. მუშაობა მიმდინარეობს რამდენიმე მიმართულებით:
ა)რაც შეიძლება გაუადვილდეთ თვითმმართველ ერთეულებს ადგილობრივ საქმეებთან დაკავშირებული იდეებისა თუ ინიციატივების ინიცირება, მათ განხორციელების მონიტორინგი.
ბ) მუშაობა მიმდინარეობს თვითმმართველი ორგანიზაციების დადგენის (შექმნა, საზღვრების შეცვლა, გაუქმება) წესის გაუმჯობესებაზე.
გ) რეფორმის შემდეგ გუბერნატორობის კანდიდატს წარადგენს სამხარეო საბჭო. (რომელიც თავის მხრივ ამა თუ იმ ოლქში მოქმედი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული)
დ) რეფორმის ინიციატორები მიიჩნევენ, რომ საჭიროა საგადასახადო ქონების გამიჯვნა: მოხდეს ადგილობრივ, ზიარ და საერთო სახელმწიფო გადასახადების გამიჯვნა და მათი დადგენის წესის სრულყოფა.
საერთო ჯამში, რეფორმის გატარების შემდეგ ნავარაუდებია სამოქალაქო ჩართულობის ზრდა ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში, რამაც უნდა გაზარდოს მართვის ხარისხი, მოხდეს ადგილობრივ დონეზე ინიციატივის წახალისება და პოლიტიკური ლიდერების გამოვლენა.(შემდგომში-რეკრუტირება).
რეფორმის შედეგად უნდა გაიზარდოს თვითმმართველი ერთეულების დამოუკიდებლობის ხარისხი (რასაც ხელი უნდა შეუწყოს ეფექტურმა საგადასახადო სისტემამ, რომელიც მეტ ფინანსურ შესაძლებლობას მისცემს მას, აგრეთვე შესაბამისმა საკანონმდებლო ჩარჩომ).
რეფორმამ ასევე უნდა გაზარდოს თვითმმართველ ორგანოთა მუშაობის ოპერატიულობა, რადგანაც მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მოხდება ადგილზე და საჭირო აღარ გახდება ცენტრისგან დირექტივების მიღება, რაც როგორც წესი დროში გაწელილი პროცესია. ამასთან, სიტუაციის უკეთ შეფასება შეუძლიათ მათ, ვინც ადგილზე მუშაობს და უშუალოდ აკვირდება პროცესებს. ადგილობრივებმა თითქმის ყოველთვის უკეთ იციან მათ რაიონში არსებული პრობლემების სპეციფიკა და მათი გამომწვევი მიზეზები. ამიტომ უპრიანი იქნება, თუკი ამ პრობლემებზე მუშაობა მათ დაევალებათ.
იმედი ვიქონიოთ, რომ მთავრობა შეძლებს დაკისრებულ ამოცანას თავი გაართვას და თვითმმართველობის რეფორმას მიიყვანს ბოლომდე, რაც კიდევ უფრო გაზრდის დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში და ხელს შეუწყობს დემოკრატიული ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების განმტკიცებას მოსახლეობაში.
(წყარო: http://www.lsg.ge)
































































