“მომავალ წელს ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ძალიან დიდ წარმატებას, რაც აისახება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაში.
ჰარმონიზაცია განსახორციელებელია და ასოცირების დღის წესრიგი ძალიან მალე შემუშავდება. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ მივიღებთ დოკუმენტის პროექტს, რომელსაც ჰქვია ასოცირების დღის წესრიგი. დღის წესრიგის მიხედვით ჩვენ ვიმოქმედებთ, რომ ყველა ვალდებულება, რომელსაც კონკრეტულ დროში შესასრულებლად ავიღებთ, შევასრულოთ. რთულია იმის თქმა, რომელი კანონი შევა პირველი პარლამენტში მისაღებად ჰარმონიზაციისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი რეალურად გაიწერება”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილის განცხადებით, ვილნიუსში გამართული შეხვედრების რაოდენობა და დონე აშკარად მეტყველებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდი და მაღალია. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა როგორც სახელმწიფო მეთაურების სადილზე, ასევე დღეს სამიტზე, შეფასდა ძალიან პოზიტიურად, განსხვავებულად და ძალიან მკაფიო გზავნილებით.
“ყველა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა დააფიქსირა ჩვენი სურვილი რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების, მაგრამ ამავე დროს, რეალურად იყო საუბარი რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ზოლების გავლების პოლიტიკის გაგრძელებაზე და ამის ყოვლად დაუშვებლობაზე. საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა, რომ უმნიშვნელოვანესია დაჩქარდეს ხელმოწერის პროცესი და საქართველო თავის მხრივ მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამისთვის. ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან მივიღეთ კიდევ ერთხელ რწმუნება, რომ ევროკავშირის შესაბამისი ყველა სტრუქტურა იმუშავებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ხელმოწრა. მომავალ წელს დამატებითი რეჟიმით იქნება განხორციელებული სამუშაო, რადგან ყველა ხვდება, რომ ამ პერიოდში ზეწოლა გაძლიერდება მოლდოვაზეც, გაძლიერდება საქართველოზეც”, _ განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ძალიან პოზიტიურად შეფასდა ის პროგრესი რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ვიზის ლიბერალიზაციის მუშაობის მსვლელობისას.