აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული.
დავით ნარმანიამ ბრიუს დევისს გააცნო სამინისტროს სამომავლო სტრატეგია და პროექტები, რომლის განხორციელებაც იგეგმება. ის, ასევე, ესაუბრა თვითმმართველობის რეფორმის ძირითადი მიმართულებების შესახებ.
“აზიის განვითარების ბანკი უკვე ჩართულია აქაურ პროექტებში წყალმომარაგების, ტრანსპორტისა თუ სხვა მიმართულებებით. სასიამოვნოა, რომ ჩვენ ორგანიზაციასა და სამინისტროს შორის ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს. ჩვენ გავქვს სურვილი, ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს,” _ განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბრიუს დევისმა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მხარდაჭერა სთხოვა ინსტიტუციური განვითარებისა და თანამედროვე ლაბორატორიის შექმნის კუთხით, რომელიც სამინისტროს როგორც ახალი კადრების აღზრდაში, ისე მასალების ანალიზში დაეხმარება.
“აზიის განვითარების ბანკთან, როგორც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ვიცე-პრეზიდენტს აინტერესებდა ძირითადი მიდგომები, რომლითაც ჩვენი სამინისტრო საქმიანობს. მან საკუთარი მოსაზრებებიც გაგვიზაირა. სხვა საკითხებთან ერთად, მე ბატონ ბრიუსს მხარდაჭერა ვთხოვე თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის პროექტის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების დაჩქარებაში, რაზეც აზიის განვითარების ბანკის მხრიდან შესაბამისი მზაობა არსებობს,” _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში რამდენიმე დღე დარჩება.