შს სამაშველო ქვეგანყოფილების მშენებლობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის – ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ახალი ქვეგანყოფილების გახსნა რეგიონში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა, რომლებიც საქართველოში სამთო ტურიზმით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან.
სტეფანწმინდის ქვეგანყოფილებაში რვა პროფესიონალი მთამსვლელი იმუშავებს, რომლებსაც სრული სამთო აღჭურვილობა, რაციები, ახალი ფორმები და ავტოტრანსპორტი გადაეცათ. შენობაში სამაშველო პერსონალის სამუშაო კაბინეტი, მოსასვენებელი და აღჭურვილობის ოთახებია განთავსებული. ქვეგანყოფილების ერთსართულიანი შენობა თანამედროვე ავეჯითა და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. ზამთრის პირობებში სამაშველო-საძიებო სამუშაოების უფრო ეფექტურად წარმოებისთვის ქვეგანყოფილებას ასევე ბურანი გადაეცა.
ყაზბეგის მთებში ტურისტების დაკარგვისა და ტრავმების შემთხვევები ხშირია. მიმდინარე წლის განმავლობაში შს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საქართველოს მთიან რეგიონებში განხორციელებული წარმატებული სამაშველო ოპერაციების შედეგად 87 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის 29 უცხოელი.
უახლოეს მომავალში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქვეგანყოფილების გახსნა მესტიაშიც იგეგმება.
შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ ასევე დარიალის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა.