როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, ქართველი ხალხი რთულ პერიოდში უკრაინას ისევე უნდა ამოუდგეს მხარში, როგორც მათ გამოხატეს მხარდაჭერა თბილისის მიმართ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
“ჩვენი ვალია ამ მძიმე წუთებში, როცა უკრაინელი ხალხი გამოხატავს თავის ნებას და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს, ვიყოთ მათ გვერდით, როგორც თავის დროზე უკრაინა იდგა ჩვენი დამოუკიდებლობის და მთლიანობის სადარაჯოზე და გვიცხადებდა სოლიდარობას”, _ განუცხადა კიევში ჩასულმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს.
“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი ლიდერის, დავით საყვარელიძის განცხადებით კი, უკრაინას აქვს მორალური უფლება იყოს ევროპის ნაწილი.
“როცა საქართველოს ჰქონდა მძიმე წუთები, უკრაინელი ხალხი, პოლიტიკოსები და ლიდერები იდგნენ საქართველოს გვერდით. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ უკრაინელ ხალხს, რომელსაც აქვს მორალური უფლება იყოს ევროპის ნაწილი, დავუდგეთ გვერდით და მაქსიმალურად გამოვხატოთ ჩვენი პარტიის პოზიცია ამ ქვეყანაში”, _ აღნიშნა საყვარელიძემ.