შემთხვევა მიმდინარე წლის 28 მაისს სიღნაღის რაიონის სოფელ ხორსაში მოხდა, გიორგი ბეჟაშვილმა სიტყვიერი შელაპარაკების დროს ნუკრი მენთეთაშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და ძმასთან ერთად მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. პოლიციამ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა და წარსულში, ასევე მკვლელობისთვის ნასამართლევი და თებერვალში ამნისტიით გათავისუფლებული, გიორგი ბეჟაშვილი დააკავა.
ბეჟაშვილების საქმის განხილვა გუშინ 2 დეკემბერს დაიწყო და დღეს ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვით გაგრძელდა. ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ნაჭყებია თავმჯდომარეობს.
30 წლის გიორგი ბეჟაშვილს განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში ედება ბრალი, რაც 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო, მის ძმას, 23 წლის ნიკოლოზ ბეჟაშვილს პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებს ბრალას.