“ჩვენი ხელფასი თვეში 360 ლარია, ექთნების – 240, ხოლო მძღოლების – 210. ბოლო სამი თვეა ხელფასის ნახევარი გვერიცხება, ანუ ექიმებს – 180, ექთნებს – 120 და მძღოლებს – 105 ლარი. დარჩენილი თანხა როდის ჩაგვერიცხება არავინ იცის. გვეუბნებიან, რომ სახელმწიფოსა და სადაზღვევო კომპანია “ალფას” შორის დავა მიმდინარეობს. ჩვენს უკან კი ოჯახები, სტუდენტი შვილები დგანან. თანაც თითოეულ ჩვენგანს ბანკის ვალი გვაქვს”, _ გვითხრეს ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების განყოფილებაში.
ექიმების თქმით, მას შემდეგ, რაც სათაო ოფისმა ხელშეკრულება “ალფასთან” გააფორმა და მათი ხელფასის ნაწილს აღნიშნული სადაზღვევო კომპანია რიცხავს, მათ ანაზღაურება სრულად არ მიუღიათ:
“მხოლოდ სახელმწიფო გვირიცხავს თავის კუთვნილ თანხას, “ალფას” კი უკვე ორი თვის დავალიანება აქვს”, _ ამბობენ სასწრაფო დახმარების ექიმები.
როგორც მათგან გავიგეთ, ისინი არც ფასიანი შვებულებით სარგებლობენ.
“ხელშეკრულებაში შვებულებაზე არაფერია ნათქვამი. არსად წერია, რომ საშვებულებო თანხა უნდა მოგვეცეს, ამიტომ შვებულებით არც გვისარგებლია”.
ლანჩხუთის სასწრაფო დახმარების განყოფილების უფროს მიხეილ ბარამიძის თქმით, ეს გამაფრთხილებელი აქციაა, რადგან უკვე სამი თვეა სასწრაფოს ექიმები ხელფასის ნახევარს იღებენ:
“ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს იმის გარდა, რომ გამაფრთხილებელი აქცია გავმართოთ. გაფიცვას ვერ მოვაწყობთ, გვეკრაძლება, მაგრამ პირველი იანვრიდან განცხადებას დავწერთ და სხვა სამსახურს მოვძებნით. თუმცა ახალი სამსახური ჩვენს პირობებში როგორი მოსაძებნია, ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ”, _ გვითხრა ბარამიძემ.
რაც შეეხება საშვებულებო თანხას, ბარამიძის თქმით, ეს ანაზღაურება ხელშეკრულებაში არაა დაფიქსირებული.
“როცა ჩვენმა ზემდგომმა “ალფასთან” გააფორმა ხელშეკრულება, იქ შვებულების თანხის ანაზღაურება არ ჩაწერილა. ვერ გეტყვით რატომ, რადგან მე ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ”, _ დასძინა ექიმმა.
ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით სადაზღვევო კომპანია “ალფას” პრესსამსახურის წარმომადგენელ ლალი ბრეგვაძეს.
“აღნიშნულ საკითხზე კომენტარისათვის ვუკავშირდებოდი ხელმძღვანელს, მაგრამ ვერ მოვახერხე, მე კი ამ საკითხში არა ვარ კომპეტენტური და პასუხასც ვერ გაგცემთ”, _ გვითხრა ბრეგვაძემ, რომლის გვარი ჩვენთვის მხოლოდ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი, რადგან თავად მან ჩვენთან გვარის დასახელება არ ისურვა.
ლანჩხუთის სასწრაფოს ექიმებმა წერილი დაწერეს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სახელზე, სადაც წერენ, რომ ფიქრობდნენ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სააკაშვილის რეჟიმით დაჩაგრულებს ეშველებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა და მუშაობის გაგრძელება უწევთ სამსახურში, სადაც მიზერულ ანაზღაურებას იღებენ და არ აქვთ ბიულეტინებით სარგებლობის უფლება.
ჩვენი ინფორმაციით სასწრაფოს ექიმები დახმარებისთვის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ზაზა ურუშაძეს მიმართავენ.
“მართალია აქ არაფერ შუაშია, მაგრამ გვინდა ინფორმაციის სახით ჩვენი გასაჭირი მივაწოდოთ”, _ ამბობენ ექიმები.