გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებით, ნიადაგის დაცვა მნიშვნელოვანია მცირემიწიანი საქართველოსათვის, რადგან სერიოზული პროცესების, ნიადაგის დაბინძურების, დაჭაობებისა და დამლაშების, სასარგებლო წიაღისეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქმედების შედეგად, დიდია ნიადაგის დანაკარგები. ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, რადგან ქვეყანაში გავრცელებული ყველა ტიპის ნიადაგის სწორი და რაციონალური გამოყენება სოფლის მეურნეობისა და საერთოდ ეკონომიკის დინამიკური განვითარების მთავარი რეზერვია. ამიტომ, ნიდაგის დასაცავად მუდმივად ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს გაუდაბნოებასთან/მიწის დეგრადაციასთან ბრძოლის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის პროექტის შემუშავება. პროგრამის ფარგლებში განისაზღვრება ნიადაგის დაცვისა და ეროზიასთან ბრძოლის კონკრეტული ღონისძიებები და მათ განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოები, ღონისძიების განხორციელებისათვის საჭირო ბიუჯეტი და დაფინანსების სავარაუდო წყაროები 2014-2020 წლებისათვის.