ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული დისკუსია, ერთის მხრივ, 4 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია, რა დროსაც პატრიარქმა გამოხატა მოსაზრება, რომ რეფორმის განხორციელება საქართველოს დაშლისკენ მიიყვანს, რასაც ეკლესია არ შეეგუება და “ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს”.
“ვფიქრობთ, რომ მსგავსი აქცენტები საზოგადოებაში თვითმმართველობის რეფორმის არსისა და მისი შედეგების თაობაზე ნეგატიური აზრის ფორმირებასა და პროცესის მიმართ უნდობლობას იწვევს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ძლიერი თვითმმართველობა არის არა საფრთხე ქვეყნის ერთიანობისთვის, არამედ მეტი გარანტია დემოკრატიული და ეფექტური მმართველობისა; რადგან ძლიერი თვითმმართველობა, თავისი არსით, გულისხმობს არა ქვეყნის ტერიტორიული დანაწევრებას, არამედ მოქალაქეთათვის მეტი შესაძლებლობის მიცემას, მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში ეფექტური დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარებისათვის.
რეფორმის განხორციელება საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ ამ იდეის დისკრედიტაცია, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეთა მეტი მონაწილეობის შესაძლებლობის შეფერხების საფრთხეს წარმოადგენს.
მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მაგალითმა, ნათლად აჩვენა, რომ ძლიერი ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ვერც საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვერც გადაწყვეტილების მიღებისას მათი საჭიროებების სათანადოდ გათვალისწინებას. ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა, პირველ რიგში ხომ საზოგადოებრივი მომსახურეობის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელების პირდაპირი არჩევა მოქალაქეების მიერ, რაც რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი სიახლეა, შეამცირებს ამ ორგანოების ცენტრალური ხელისუფლებისადმი, მმართველი პოლიტიკური ძალისადმი მათ დამოკიდებულებას და უზრუნველყოფს მათ სტაბილურ ფუნქციონირებას.
გვსურს აღვნიშნოთ, რომ “სამართლიან არჩევნებს” აქვს გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ, რომელსაც პარლამენტს კანონპროექტის განხილვის სტადიაზე წარვუდგენთ, თუმცა მივიჩნევთ, რომ საერთო ჯამში, თვითმმართველობის რეფორმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მივესალმებით ყველა დაინტერესებული მხარის აქტიურობასა და კანონპროექტის ირგვლივ არგუმენტირებულ დისკუსიას საპარლამენტო და საზოგადოებრივი განხილვების ნებისმიერ ფორმატში,” _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.