ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წლის 11 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” გამართული ერთი წლის მუშაობის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: “მწვანე ალტერნატივის უაზრო გაკეთებულ განცხადებებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ, ეს არის რადიკალური ჯგუფი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას, ეკონომიკის განვითარებას, ქვეყნის განვითარებას”.
მინისტრის ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა გაზეთის “24 საათი”, 2013 წლის 12 ნოემბერის გამოცემაში სათაურით – „”მწვანე ალტერნატივა” რადიკალების ჯგუფია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ეწინააღმდეგება”. გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ერთი წლის მუშაობის შედეგების შეჯამებისას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა: “მწვანე ალტერნატივა“ რადიკალური ჯგუფია, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ისინი ფულს იღებენ იმაში, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს. დასკვნები თქვენ გამოიტანეთ, რას წარმოადგენენ”.
ინტერვიუ ასევე გამოქვეყნდა ინტერნეტ-გამოცემა news.ge-ს ვებ-გვერდზე, სათაურით – “კახა კალაძე: “მწვანე ალტერნატივა” ფულს იმაში იღებს, რომ ქვეყანაში არაფერი გაკეთდეს”.
“მწვანე ალტერნატივა” ითხოვს, დაევალოს კახა კალაძეს ასოციაცია მწვანე ალტერნატივას პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა იმავე საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით და ორგანიზაციის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურება 1 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით.