“ზვიად ქორიძემ განაცხადა, რომ პატრიარქი არის წინააღმდეგი ევროპული არჩევანის და საქართველოს პროგრესის, რაც რბილად რომ ვთქვათ მიუღებელია, მე გამიკვირდა ამ პიროვნებისგან მსგავსი ტიპის განცხადება, ნუთუ არ იცის უწმინდესის ბიოგრაფია, ხედვა, ღვაწლი?!.მაგრამ ის არის ჟურნალისტი, საზოგადოების წარმომადგენელი და გასაგებია, რომ მას აქვს თავისი აზრი, მაგრამ როდესაც ასეთი შინაარსის განცხადებას აკეთებს თამარ კორძაია, აქ ჩვენ უკვე საქმე გვაქვს სახელმწიფოსთან, ხელისუფლების წარმომადგენელთან და მისი არა მარტო ეს განცხადება, იცით რომ კიდევ მოისმინა საზოგადოებამ მისგან განცხადებები და მოსაზრებები ეკლესიასთან მიმართებაში, ეს უკვე არის დამაფიქრებელი, შემაშფოთებელი და სახიფათო. ქართველმა ხალხმა თამარ კორძაიას იმისთვის არ მისცა მანდატი, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს პატრიარქს”.
ჩახვაძე აცხადებს, რომ დეპუტატის ირონიაში აშკარად ჩანს, რომ კორძაია საპატრიარქოში ხედავს არა მოკავშირეს, მრჩეველს და პარტნიორს, არამედ მოწინააღმდეგეს და მტერს. ედპ-ს ლიდერი ამბობს, რომ კორძაიამ არ იცის თუ რა დამოკიდებულებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის.
“მან ნამდვილად არ იცის რა დამოკიდებულებაა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ქალბატონი თამარი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და კონკორდატთან, სადაც საქართველოს პატრიარქსა და მთლიანად ქართულ ეკლესიას აქვს ლეგიტიმური უფლება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გამოხატოს თავისი შეხედულება. როცა კორძაია აცხადებს, რომ პატრიარქი შემოდის სახელმწიფო მმართველობის სფეროში, ეს არ არის სწორი. თუ ამ პრინციპს გავითვალისწინებთ, მაშინ პატრიარქს არც 9 აპრილს უნდა გაეკეთებინა განცხადება, არც 2008 წელს, როდესაც ის შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი ავტორიტეტის შედეგად გამოვიყვანეთ ჩვენი დაღუპული მეომრები”.
ჩახვაძე აცხადებს, რომ სრულიად ადექვატური იყო პარლამენტის თავმჯდომარის ნაბიჯი, როცა ის მივიდა პატრიარქთან და დიალოგი შედგა. თამარ კორძაიას კი მოუწოდებს გადახედოს ისტორიას და თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისა და მოსაზრებების გაკეთებისგან.