_ დღეს გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ იანვრიდან 5 თვე სავსებით საკმარისია არჩევნებისთვის მოსამზადებლად. რას ფიქრობთ დაანონსებულ თარიღთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს საკმარისი დრო არჩევნებში მონაწილეობისთვის მოსამზადებლად.
მანანა ნაჭყებია: ის, რომ ნებისმიერი არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა, ამომრჩევლებმა და საერთოდ, მთლიანმა საარჩევნო მანქანამ ერთი წლით ადრე მაინც უნდა იცოდნენ თამაშის წესები, ევროსაბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა და არა ოპოზიციური პარტიების. ჩვენ იანვარში მაინც თუ გვეცოდინება ყველაფერი ივნისში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, მოვახერხებთ მობილიზებას, პრობლემა არ არის. მე მგონი უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც მმართველი კოალიციის ყველაზე დიდი პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა არ იცის, რომ ასეთი მოთხოვნა და რეკომენდაციები არსებობს და დემოკრატიულ სახელმწიფოებში, მათ შორის ახალ დემოკრატიებშიც კი ეს დაუწერელი კანონია.
ჯონდი ბაღათურია: ნორმალური დროა, არ მაქვს რამე განსაკუთრებული პრეტენზია და კარგია, რომ თავიდანვე გასაგებად დაასახელეს თარიღი, კიდევ უკეთესი იქნებოდა, თუ ნარმანიას გადააყენებენ თანამდებობიდან და ასეულობით მოლიონ საბიუჯეტო სახსრებს თავისი კანდიდატის რეიტინგისთვის არ გამოიყენებენ. არა მგონია ამ თარიღმა რამე განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვიოს ოპოზიციურ პარტიებში, მთავარია მოესწროს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომლის მიზანია თანაბარი და კონკურენტული წინასაარჩევნო გარემოს შექმნა. რაც შეეხება ვოლსკის კომენტარს, ვეთანხმები გიას. 5 თვე ჩვენთვის სავსებით საკმარისია, თუ მათთვის იქნება საკმარისი წინასაარჩევნოდ რეფორმების გასატარებლად და ერთმანეთში მოსალაპარაკებლად. საინტერესოა, თვითონ თუ ასწრებენ რეფორმას თუ სააკაშვილის რეპრესიული საარჩევნო კანონით აპირებენ არჩევნების ჩატარებას?!