ამ მიზნით, მთავრობის სხდომაზე მინისტრმა თამარ სანიკიძემ “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხი დააყენა, რათა პარლამენტმა კანონის მიღება მოკლე ვადებში შეძლოს.
თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანს დაზარალებული სტუდენტებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობის აუცილებლობა წარმოადგენს. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე ასეული სტუდენტის სწავლის დაფინანსება სამინისტროს ბიუჯეტში არსებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან მოხდება.
დაზარალებულ სტუდენტთა დაფინანსების გადაწყვეტილება სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გამყოფ ხაზთან მავთულხლართების გავლებისა და სხვა ბარიერების აღმართვის შემდეგ მიიღო. გამომდინარე იქიდან, რომ ქარელის, გორის, კასპისა და ხაშურის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობამ მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი განიცადა და სტუდენტთა ოჯახებს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადახდა გაუჭირდათ, სამინისტრო სტუდენტებს დახმარებას აღმოუჩენს. სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ირიცხებიან, სწავლას შეუფერხებლად გააგრძელებენ.
დაზარალებულ სტუდენტებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შესაბამისი მუნიციპალიტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააფინანსებს.