ბრიფინგი მიზნად ისახავდა წინასაახალწლოდ ნაძვისა და სხვა წიწვოვნების მასობრივი ჭრის პრევენციას, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თავიდან აცილებასა და საზოგადოების ინფორმირებას წიწვოვნების უკანონო მოპოვებისათვის დაწესებული ჯარიმების შესახებ.
წიწვოვნების უკანონო მოპოვებასა და რეალიზაციაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციასა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად, კოორდინირებულად განახორციელებს კონტროლს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების, დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის დაწესებულია ჯარიმა 200-დან 1000 ლარამდე ოდენობით. გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, ხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშებაც. თუკი ეს თანხა აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
ნაძვის ხის ან სხვა წიწვოვნების რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, სსიპ სატყეო სააგენტოს უფროსი ბიძინა გიორგობიანი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი მუკნიაშვილი, მსახიობი კახი კავსაძე.
ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე გაიმართა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის პრეზენტაცია.