ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე შტეფან შტორკი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი აარონ ფიშმენი, ქართველი და უცხოელი მოსამართლეები, სისხლის სამართლისა და პრობაციის ექსპერტები.
“კონფერენციის მსჯელობის ძირითადი საგანი არის ის, თუ რამდენად შეგვიძლია, მივანიჭოთ პრობაციის სამსახურს ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია − მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია ბრალდებულის თაობაზე, რათა მოსამართლეს შეეძლოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ აღკვეთის ღონისძიების რომელი სახეობა შეუფარდოს ბრალდებულს − საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება, თუ რაიმე სხვა, არასაპატიმრო ღონისძიება,” _ აღნიშნა კონფერენციის გახსნისას ალექსანდრე ბარამიძემ.
კონფერენციის მონაწილეებმა წინასასამართლო და სასჯელის დაწესების ეტაპებზე საზოგადოებრივი სანქციებისა და ზომების გამოყენების თაობაზე იმსჯელეს; მოისმინეს პრეზენტაციები წინასწარი პატიმრობის ალტერნატიული ღონისძიებების, აგრეთვე, აღკვეთის ღონისძიებების შერჩევის მოქმედი პრაქტიკის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ღონისძიების მეორე ნაწილი საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობასა და შეფასებებს დაეთმო. დამსწრეებმა ევროპელ ექსპერტებს მოუსმინეს, რომლებმაც წინასწარი პატიმრობის წინასასამართლო ალტერნატივების, ელექტრონული ზედამხედველობის, პრობაციის ამერიკული და ევროპული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს, გაეცნენ აშშ-ის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, პოლონეთის წარმატებულ მაგალითებს.
კონფერენცია თემატური დისკუსიებით ხვალ განახლდება. ღონისძიების მონაწილეები იმუშავებენ რეკომენდაციებზე სისხლისსამართლებრივი სანქციებისა და ზომების, აგრეთვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში. ღონისძიების ბოლოს კი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.
კონფერენცია ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის − “სისხლის სამართლის რეფორმა საქართველოში” − ფარგლებში. ორგანიზატორები არიან, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი.