როგორც “გურია ნიუსს” ზესტაფონის რაიონიდან მიაწოდეს ინფორმაცია, სოფლებში რთული ვითარებაა და თოვლის საფარი ქალაქთან შედარებით დიდია.
“მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა და თოვლის საფარი დაახლოებით 60-70 სანტიმეტრია. სოფელში გზის გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით დაწყებული არ არის, არც ელექტროენერგია გვაქვს. რამდენიმე ადგილზე თოვლისგან წაქცეულმა ხეებმა ელექტროსადენები დააზიანა, თუმცა შესაკეთებლად ჯერ არავინ მოსულა”,_ აცხადებს “გურია ნიუსთან” პირველი სვირის მცხოვრები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ტარიელ თუთარაშვილის განცხადებით, სოფლებში გაწმენდითი სამუშაოები დღეს საღამოს დაიწყება და საჭიროების შემთხვევაში მთელი გამის განმავლობაში გაგრძელდება.
“თოვლის საფარი დაახლოებით 40-50 სანტიმეტრამდეა ქალაქის ტერიტორიაზე, მაღალმთიან სოფლებში ცოტა უფრო მეტია. ქალაქი ამ დროისთვის გაწმენდილია და თოვლი პრობლემას არ ქმნის. რაც შეეხება სოფლებს, ამ დრომდე ვერ მოხერხდა გზების გაწმენდა, თუმცა, ახლა შევუთანხმდით ორგანიზაცია „მექანიზატორს“ და ოთხი ერთეული ტექნიკით დავიწყებთ სოფლებში მისასვლელი და საუბნო გზების გაწმენდას. თუ საჭიროება იქნება, ეს სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალს, რიკოთის მიმართულებით წუხელ და დღეს დილით ყველანაირი ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო, მაგრამ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და შეზღუდვები დაწესებული არ არის”, _ აცხადებს თუთარაშვილი.
მისივე თქმით, რაიონის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
“ბევრ ადგილას დიდთოვლობის გამო წაქცეულია ბოძები და დაზიანებულია ელექტროსადენები. ამის გამო რაიონის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. მთელი ღამის განმავლობაში ზესტაფონსაც არ ჰქონდა ელექტროენერგია, თუმცა, დღეს უკვე აღდგენილია. აღდგენითი სამუშაოები სოფლებშიც მიმდინარეობს. ამ დროისთვის, რაიონის მასშტაბით 6 ათასი აბონენტია ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილი”, _ უთხრა “გურია ნიუსს” თუთარაშვილმა.