როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ამ მოვლენით დღეს პარლამენტმა დაიწყო ზურაბ ჟვანიას 50 წლის იუბილის აღნიშვნა.
“დღეს ბიბლიოთეკაში დაარსდა ადგილი, ცენტრი, სადაც მოხდება საქართველოს უახლესი ისტორიის კვლევა და საქართველოს იმ მოღვაწეების პოლიტიკური მემკვიდრეობის შესწავლა, ვისაც დამოუკიდებლობის წლებში მოუწია ქვეყნის ხელმძღვანელობა – პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები,“ _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ბუნებრივია, რომ ზურაბ ჟვანიას თავად უკავია გამორჩეული ადგილი ამ წრეში და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობა აქ იქნება თავმოყრილი და გამოკვლეული. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, აღნიშნული კაბინეტის ამოქმედება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინება პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროფილის გაფართოების.
“ბუნებრივია, რომ დღევანდელი ღონისძიება იმ ფაქტითაცაა გაპირობებული, რომ ჩვენი ეროვნული ბიბლიოთეკა პარლამენტის პატრონაჟის ქვეშ მოექცა სწორედ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით და მისი პარლამენტის თავმჯდომარეობის დროს. ჩვენთვის, პარლამენტისთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ ეროვნული დაწესებულების – ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ფუნდამენტის ახლოს და ვიზრუნოთ მის განვითარებაზე,“ _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.































































