“ჩვენ ავწონ-დავწონეთ შექმნილი მდგომარეობა, მეტეოროლოგიური პირობები არ უმჯობესდება, მაგრამ ჩვენ შეზღუდული ვართ მოქმედი კანონმდებლობით და გარკვეულ ვადებში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, მათ შორის მომავალი წლის ბიუჯეტზე, აქ კი კანონი და რეგლამენტი ძალიან მკაცრია.
განვიხილეთ თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარების შესაძლებლობა, მაგრამ ამას სერიოზული მინუსები აქვს, რადგან სწორედ პარლამენტშია თავმოყრილი ის მასალები და სპეციალისტები, რომლებიც კომიტეტის სხდომის სათანადოდ ჩატარებისთვის არის აუცილებელი.
იუსტიციის სახლში, სადაც დროებით ვართ ხოლმე, პრობლემებია შექმნილი, ის არ ფუნქციონირებს სრული დატვირთვით, ამიტომ თბილისში კომიტეტების სხდომების ჩატარება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ზეგ, ყველა შემთხვევაში, ქუთაისში პლენარული სხდომაა ჩასატარებელი. ამიტომ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ყველა კომიტეტის სხდომა ჩატარდება ქუთაისში. რაც შეეხება ქუთაისამდე ჩასვლას, პარლამენტის წევრები სათანადო ზომებს მიიღებენ და იქ როგორმე ჩავაღწევთ. იქიდან რა იქნება, მერე ვნახოთ,“ _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.