როგორც ხათუნა კორტავა “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებს, ციხის ექიმმა ლევან კორტავას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამალა.
“დღეს ვისაც ბრალი წაუყენა პროკურატურამ, ამათ რომ პასუხისგებაში მისცემდნენ, ვიცოდი. პროკურატურამ მართლა დაიწყო მუშაობა, თუმცა, არის კიდევ კითხვის ნიშნები და დრო გვიჩვენებს რას იზამენ. კიდევ არის რამდენიმე “მაყურებელი” ზვიად ბიწაძე და ძმები ონიანები, რომლებიც ამ საქმეზე ხმას არ იღებენ. როგორც მე მითხრეს, ონიანების გარეშე არაფერი კეთდება ციხეში. ამასთან, ვინ იყვნენ ამ საქმის დამკვეთები, ეგ არის მთავარი. “მაყურებელი” დამკვეთის გარეშე ამას ხომ ვერ გააკეთებდა? გოგიბერიძემ და შანშაშვილმა იცოდნენ, რომ ლევანს სცემდნენ. სიტუაცია რომ დაიძაბა მაშინ უთხრა შანშაშვილმა გოგიბერიძეს, მალხაზ სინაურიძეს უთხარი რაც ხდებაო, მაგრამ შანშაშვილმა ეს ამბავი სინაურიძემდე არ მიიტანა: არა უშავს, ცოტას წაუტყაპუნებენო. ასეთ ადამიანებს, რადგან ისინი პროკურატურასთან თანამშრომლობენ, საპროცესოს უთანხმებენ. სად არის სამართალი? ბოლომდე არ არის აღმკვეთი ღონისძიება ყველასთვის შეფარდებული, ველოდები პასუხს და მერე ვიმოქმედებ. გოგიბერიძეს და შანშაშვილს თუ საპროცესო გარიგება შეუფარდეს, შეიძლება ქვეყანა დავანგრიო.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ექიმის პასუხისმგებლობა ჯერ არ დამდგარა. მესმის, რომ შესაძლოა, ლევანი ვერ გადარჩენილიყო, მაგრამ როცა ეს ამბავი მოხდა, ექიმმა ორსაათნახევარი რატომ გააჩერა ციხის საავადმყოფოში, სანამ მას ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანდნენ? ციხის ექიმის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს. ექთანს, რომელიც იმ დღეს იყო მორიგე, მანამდეც ვიცნობდი, კორუმპირებული პიროვნებაა. ლევანს პირველად ციხეში ჯანმრთელობის პრობლემა რომ შეექმნა, მაშინ მკურნალობდნენ. სადაც ვნახავ, თვალებს დავთხრი. როცა სინაურიძე ჩამოსულა ექიმს უთქვამს არაფერი სჭირს, დაბეჟილობა აქვსო, ლევანი თურმე ამ დროს უკვე ძალიან ცუდად ყოფილა. ვფიქრობ, რომ მან მიზანმიმართულად დამალა ლევანის მდგომარეობა. ვინც შვილი მომიკლა, იმაზე უარესი ჯალათი ექიმი და ექთანია. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელი მთავრობა იქნება, თუ ჩემს სამართალს ვერ მივაღწიე? დამნაშავე დაისაჯოს, მეტს არაფერს ვითხოვ”, – ამბობს ხათუნა კორტავა “გურია ნიუსთან” საუბრისას.
მისცემენ თუ არა პასუხისგებაში ციხის პირევლადი ჯანდაცვის დაწესებულების ექიმს, ჯერჯერობით უცნობია. “გურია ნიუსს” პროკურატურის პრესსამასხურში განუცხადეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ახალი დეტალების აღმოჩენისთანავე ეს ცნობილი საზოგადოებისთვისაც გახდება.
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უშხვანის, დაშნიანისა და გურეშიძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით დღესვე მიმართავს.
აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოთ აღნიშნული პირებისა, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულები არიან სად-ის N14 დაწესებულების დირექტორი მალხაზ სინაურიძე, დირექტორის მოადგილე ივერი გოგიბერიძე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორები ილია შანშაშვილი და თენგიზ ნასარეია, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი ალექსანდრე ბაბუნაშვილი, სოციალური მუშაკი გიგა კოხოძე და ასევე, მსჯავრდებული გიორგი შემაზაშვილი.