“გიგლა აგულაშვილი აღიარებს იმას, რომ “რესპუბლიკური პარტიის” მთავარი ამოცანა პოლიტიკურ ასპარეზე “თავისუფალი საქართველოს” დაბლოკვაა. ეს არის ის, რასაც აკეთებდა გიგა ბოკერია. გავიხსენოთ, რა იყო გიგა ბოკერიას პოლიტიკა – ის ცდილობდა იგნორირება გაეკეთებინა მაშინდელი პოლიტიკური სპექტრისთვის, მოეხდინა მათი მარგინალიზაცია. მან შემოიტანა ტერმინი – “რადიკალური ოპოზიცია”, ამათ შემოიტანეს “არასაპარლამენტო ოპოზიცია”. მერე შექმნეს თავიანთი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და ამბობდნენ, რომ თორთლაძეა ოპოზიცია, სხვა დანარჩენი არაო. ეს იყო ბოკერიას კურსი და ამ კურსმა რა შედეგიც გამოიწვია, ყველამ ვნახეთ. სისტემის გარეთ დაჯგუფდა მთელი ოპოზიცია და სისტემა დაინგრა. იგივე მოხდება ახლაც”, _ თქვა კუკავამ.
“გურია ნიუსი” პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო გიგლა, რას იტყვით კუკავას განცხადებაზე?
_ არ არის ჩემი სტილი მსგავსი ტონის სიტყვების ჟონგლიორობაში ავყვე ვინმეს. ერთს გეტყვით, დღეს არასაპარლამეტო ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს ჰქონდა კომიტეტებზე მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციების დაფიქსირების საშუალება. მომავალშიც ასე იქნება. მუდმივი დიალოგის რეჟიმში გონივრული კომპრომისების გზით.
_ რადგან აღნიშნეთ, რომ დიალოგი გაგრძელდება, როგორ ფიქრობთ, რეგიონალიზაციის საკითხში შესაძლებელია კონსესუსის მიღწევა?
_ შეუძლებელიც კი შესაძლებელია.
_ დღეს ბევრმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ კანონის ნაჩქარევად მიღება გაართულებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოესწრება მოსამზადებელი სამუშაოები?
_ იმედი მაქვს ყველაფერი მოესწრება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.
_ როგორ ფიქრობთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მოესწრება ახალი საარჩევნო კანონი თუ “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას სიტყვებით რომ ვთქვათ “სააკაშვილის რეპრესიული საარჩევნო კანონით” ჩატარდება არჩევნები?
_ იმედი მაქვს მოესწრება. თვითმმართველობის კანონზე ატეხილი აჟიოტაჟის გამო დახარჯული ენერგია, სჯობს, ამ საკითხზე დიალოგს მოახმარონ მხარეებმა.
_ საარჩევნო კანონს გულისხმობთ?
_ დიახ. საარჩევნო კანონში შესატანი ცვლილებებიც ფართო ჩართულობით უნდა მომზადდეს, ოღონდ ჩართულობით და არა ახირებებით.































































