ამის შესახებ “გურია ნიუსს“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გია ჟორჟოლიანმა უთხრა.
მისი თქმით, შესაძლოა, კანონპროექტში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიიღოს, მთლიანი კანონპროექტის დამტკიცება კი იანვრის თვეში მოხდეს.
“ცვლილებების მიღება, სავარაუდოდ, საშეოდგომო სესიის დასრულებამდე მოესწრება. პარასკევს იქნება ცვლილებებზე პირველი მოსმენა, თუ პარლამენტმა მხარი დაუჭირა, მაშინ ეს კანონპროექტში აისახება. თუ ვერ მოესწრო, იანვარში დავნიშნავთ საგანგებო სესიებს და კანონს აუცილებლად იანვარშივე მივიღებთ, რომ არჩევნები ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდეს. რაც შეეხება ევროსაბჭოს დასკვნას, ჯერჯერობით ეს დასკვნა მოსული არ არის, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ იმ კვირის ბოლომდე გვექნება. ეს დასკვნა კანონპროექტის პირველად ვერსიაზე იქნება, მაგრამ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კანონპროექტი ევროპის საბჭოს თავიდან უნდა გადაეგზავნოს,” _ უთხრა ჟორჟოლიანმა “გურია ნიუსს”.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების მიხედვით მუნიციპალიტეტების რეგიონული გაერთიანებები გუბერნატორთან არსებულ სამხარეო საკონსულტაციო საბჭოებად გარდაიქმნება, რომელშიც გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე შევლენ. დროებით გადაიდება საუბნო საბჭოების შექმნის პროცესი, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფდა. მესამე ცვლილება კი თვითმმართველი ქალაქებს ეხება, რომლის მიხედვითაც, არა 13, არამედ ქვეყნის მასშტაბით 7 თვითმმართველი ქალაქი იქნება.