“მას შემდეგ, რაც გაგვითოვდა, ელექტროენერგია არ მოგვეწოდება, როგორც გავიგეთ დაზიანებაა, მაგრამ უგზოობის გამო დაზიანების შეკეთება ვერ ხერხდება. თოვლის საფარმა თითქმის ერთ მეტრს მიაღწია. ველოდებით, იქნებ მოხერხდეს, გზა გაიწმინდოს და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს,” _ აცხადებენ აკეთის მაცხოვრებლები.
“გურია ნიუსი” “ენერგო პრო ჯორჯიას” ლანჩხუთის სერვისცენტრის ხელმძღვანელ ოლეგ იმნაიშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, დღეის მონაცემებით, ელექტროენერგია ლანჩხუთის მაშტაბით 580 აბონენტს არ მიეწოდება:
“თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს სამუშაოები. რაც შეეხება აკეთს, ახლაც მუშაობენ, ორი ტრანსფორმატორი დაგვჩება ალბათ, ხვალისთვის და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება. გზას რაც შეეხება, იქ, სადაც დაზიანებებია, გაწმენდილი არ არის, მისაბმელით ავიყვანეთ მანქანა. დაზიანებები ბევრგან იყო, აცანაში, აკეთში, ჯუნეწერში, სუფსაში, ორ ადგილას არის დარჩენილი, მთავარია ისევ არ ჩამოთოვოს და იმასაც გავაკეთებთ,” _ განაცხადა ოლეგ იმნაიშვილმა.
უგზოობის პრობლემასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა ურუშაძე, რომელიც აცანაში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ამ წუთებშიც გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მისი თქმით, სამ სოფელში აკეთში, აცანასა და მამათში სამი ტრაქტორი მუშაობს:
“დილიდან აკეთის გზა ორჯერ გავწმინდეთ, 3 ტრაქტორი ჩამოვიყვანეთ, მეტი ძალა ჩვენ არ გვაქვს, რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, ამ წუთებშიც კი აცანის გზას ვწმენდთ, მეც ადგილზე ვიმყოფები,” _ დასძინა ურუშაძემ.
ლანჩხუთში ახლაც თოვს.