“ჩვენ შევქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელშიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ჩართული იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროც. ამ ეტაპზე სახურავის როგორც კონსტრუქციის, ისე შეფუთვის ნაწილს აქვს გარკვეული პრობლემები. მოგეხსენებათ, სახურავი ფოთლებადაა დაყოფილი − მეხუთე, მეშვიდე და მერვე ფოთოლს აქვს პრობლემა. აქედან გამომდინარე, რამდენიმე კვირის განმავლობაში მოქალაქეთა მომსახურების დარბაზი ვერ გაიხსნება.
ამის მიუხედავად, მოქალაქეების მიღება “ერთი ფანჯრის პრინციპით” გრძელდება სპეციალურად გახსნილ ოთხ პუნქტში. ეს არის: აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა; ჩუბინაშვილის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის კვეთაში მდებარე ე.წ. M2-ის შენობა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ეროვნული არქივის შენობა და მეტრო “მარჯანიშვილთან” გახსნილი პუნქტები. ოთხივე პუნქტში შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება, ხოლო დოკუმენტების მიღება ხდება მეხუთე პუნქტში, რომელიც იუსტიციის სახლის მარცხენა ნაწილშია გახსნილი.
როგორც ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრი, ბოდიშს ვუხდი მოქალაქეებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომის გამო. თუმცა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სერვისების მიწოდება არ შეწყვეტილა და ოთხივე პუნქტში “ერთი ფანჯრის პრინციპი” მოქმედებს”, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
სერვისები დაყოფილია ორ ნაწილად – საბუთების ჩაბარება სერვისის მიღების მიზნით და მოგვიანებით მზა დოკუმენტების მიღება.
დოკუმენტაციის ჩაბარება შესაძლებელია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-10 კილომეტრი, (აღსრულების ეროვნული ბიურო); ჩუბინაშვილის ქუჩა #68 (თამარ მეფის გამზირისა და ჩუბინაშვილის ქუჩის კვეთაზე); ვაჟა-ფშველას #1, (ეროვნული არქივი); აღმაშენებლის გამზ. 89/24, საჯარო რეესტრის თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მარჯანიშვილის მეტროსთან); დროებითი ფილიალები მომხმარებლებს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე მოემსახურებიან.
მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა მხარეს.
საჯარო რეესტრის ძირითადი სერვისების მიღება (საბუთების ჩაბარება და დოკუმენტების მიღება) კვლავაც შესაძლებელია თბილისის ავტორიზებულ ყველა ნოტარიუსთან, ლიბერთი ბანკის 27 და საქართველოს ბანკის 10 ფილიალში.