“პირველი თოვლის მოსვლამდე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები. საქართველო დაყოფილია 34 ზონად და ყველა ზონას თავისი მომსახურე კომპანია ჰყავს განსაზღვრული რაოდენობის ტექნიკით. ჩვენ გასულ წელს შევიძინეთ 20 ერთეული ახალი ტექნიკა და თხოვების უფლებით გადავეცით მათ. ეს არის თანამედროვე, თოვლის გამფანტველი ტექნიკა, რომელიც ამავდროულად გზაზე შლის მარილს და ქვიშა-ხრეშოვან მასალას. თუმცა, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა, იმდენად დიდი თოვლი მოვიდა და იძლებული გავხდით, საგზაო სამუშაოებში მონაწილე კომპანიებისთვისაც გვეთხოვა ტექნიკა და კერძო კომპანიების ტექნიკაც ჩავრთეთ გზების წმენდაში. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე არსებითი შეფერხებები არ ყოფილა. თუმცა, თოვლის დიდი მასის მოსვლისას დაახლოებით 1-2 საათია საჭირო ტექნიკის სამუშაოდ და ასეთ დროს საპატრულო პოლიციასთნ კოორდინაციით, წესდება გზებზე მოძრაობის შეზღუდვა. მოძრაობენ ორ ან მეტხიდიანი და ჯაჭვებით აღჭურვილი მანქანები, მაგრამ ტრაილერებისთვის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის მანქანებისთვის წესდება შეზღუდვა, რადგან ისინი ცურდებიან და გზაზე იწვევენ საცობს”, _ განაცხადა ნარმანიამ.
მინისტრის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში შეზღუდვები ღამით იყო რიკოთზე, თუმცა დღის განმავლობაში გაიწმინდა და გაჩერებული ავტომანქანები გატარებულია.
“წელს რამდენიმე მუნიციპალიტეტს შიდა გზების გასაწმენდად შევუძინეთ ტექნიკა, რაც აქამდე არ ყოფილა, ტექნიკა შევუძინეთ აჭარას, მესტიას, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, მაგრამ მათი ტექნიკა არასაკმარისია და ვცდილობთ მივაშველოთ ჩვენიც. მაღალმთიან სოფლებში ისევ რჩება პრობლემები და სოფლების დახმარებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. ღამით რიკოთზე მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილლება იზღუდება, სხვა ავტომანქანები გადაადგილდებიან და პარალელურ რეჟიმში გზები იწმინდება. ღამის განმავლობაში შეზღუდვებია კობი-გუდაურის გზასა და ნაქერალას უღელტეხილზე და მესტიის გზაზე, თუმცა შეზღუდვები ყველა მონაკვეთზე არის მხოლოდ დიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. ხვალ ცოტა უკეთესი ამინდია მოსალოდნელი და ვფიქრობთ, ხვალ დღის პირველ ნახევარში შეზღუდვები მოიხსნება. მინდა, მძღოლებს მოვუწოდო, თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის, ღამის განმავლობაში ნუ გადაადგილდებიან”, _ განაცხადა ნარმანიამ.