საქართველოს პრემიერ-მინისტრი კრიზისების მართვის შტაბის შექმნის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ქვეყანაში სტიქიით გამოწვეულ პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას ასახელებს .
“კერძოდ, შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო და კრიზისების მართვის ცენტრი. ამაში აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები. იმედი მაქვს, თვის ბოლოს საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიქმნება ერთიანი მაკოორდინირებელი კრიზისების მართვის ცენტრი. იქამდე მსურდა, ოპერატიული თათბირი ჩამეტარებინა, შევქმენით დროებითი შტაბი, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ ოპერატიულად და სტიქიით გამოწვეული ყველა პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში, დროულად და მყისიერად მოვაგვაროთ”, _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, აჭარაში მსგავსი დიდთოვლობა ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ყოფილა.
“პირველად ასეთი დიდი თოვლი მოვიდა 1985 წელს, მას შემდეგ ასეთი დიდთოვლობა არავის ახსოვს. დაზიანდა ძალიან ბევრი ელექტროგადამცემი ხაზი, ანძა, აღდგენითი სამუშაოები ოპერატიულად დაიწყო და დაახლოებით 10-12 დღეში დასრულდება. ასევე, ჩემი დავალებით, ადგილზე სიტუაციის გარკვევის მიზნით იმყოფებოდნენ რეგონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის მინისტრი პირადად ესწრებოდა აღდგენით სამუშაოებს. მინდა მედიასაშუალებებს მივმათო თხოვნით, მაქსიმალურად ობიექტურად გააშუქონ ინფორმაცია, რომელიც მომდინარეობს მთავრობის პრესსამსახურიდან და არ შეიყვანონ შეცდომაში მოსახლეობა. სტიქია ყველა ქვეყანაში ხდება, ეს არის გარდაუვალი, ამის პრევენცია და თავიდან აცილება შეუძლებელია. ეს ჩვენს შესაძებლობებს აღემატება, შესაბამისად, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, მომხდარზე ადეკვატურ რეაგირებაზე”,_ აღნიშნა პრემიერმა.