მოსამზადებელი სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70 – 78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვინაიდან მოპასუხე მხარე არ იყო გამოცხადებული და არც მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ იყო სასამართლო ინფორმირებული, მხარისათვის გონივრული ვადით მოცდის მიზნით, სხდომაზე გამოცხადდა შესვენება.მოპასუხე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, გიორგი ვაშაძეს დაეკისრა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო პროგრამა “კურიერისა” და ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო პროგრამა “ქრონიკის” ეთერით, სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, მის მიერვე, 2013 წლის 24 თებერვალს გაკეთებული განცხადებების უარყოფის შესახებ; მოპასუხე მხარეს ჯოზეფ კეის სასარგებლოდ დაეკისრა 50 000 ლარის გადახდა მიყენებული არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად.
სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრდება საჩივრით სხდომაზე გამოუცხადებელი მხარის მიერ, მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღეში.