“დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა საზოგადოებას ამცნო მთავარი პროკურორის მიერ მასზე განხორციელებული შანტაჟისა და ზეწოლის შესახებ, რაც მოჰყვა მის გატაცებას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მთავარ პროკურორთან მიყვანა. ამ უკანონო აქტის მიღმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხედავს მთავრობის ცალსახა პოლიტიკას, რომელიც შეიძლება შეფასდეს, როგორც ოპოზიციის პოლიტიკური დევნის ახალი ტალღა და რომლის მიზანია პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს არაერთხელ აღნიშნულა “ქართული ოცნების” ფაქტობრივი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოითხოვს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდეს მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და სასჯელაღსრულების მინისტრს სუბარს”, _ განაცხადა უმცირესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც საზოგადოებას პარტიის განცხადება გააცნო.
მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” ასევე ითხოვს, ამოღებულ იქნას ყველა შესაბამისი ვიდეოდაკვირვების მასალა და გასაჯაროვდეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ყველა ძველი და შესაძლო ახალი გარემოება.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში მიმდინარე სასამართლო სხდომაზე მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ზეწოლაში დაადანაშაულა.