სხდომაზე მხარეებმა დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ დეტალურად ისაუბრეს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამომავლო გეგმები დასახეს.
“ქალაქი დგას სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების წინაშე, ამის მიზეზი გახლავთ, ძირითადად, დაუგეგმავი მშენებლობები, მწვანე საფარის განადგურება, არაკონტროლირებადი ატმოსფერული ჰაერი, რაც მრავალი დაავადების მიზეზი ხდება. ჩვენი ფრაქცია დღეს განიხილავს წინადადებებსა და რეკომენდაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად. ჩვენ შევქმნით ღონისძიებათა პაკეტს, რომლის განხორციელება აუცილებლად აგვაშორებს თავიდან იმ საფრთხეებს, რაც არის მოსალოდნელი ქალაქში”,_ განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძემ.
ზუმბაძე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობებსაც შეეხო.
“ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია კუს ტბის საკითხი. ჩვენ ვუგზავნით წერილს თბილისის მერს, რომ შემოვიდეს ინიციატვით, რათა კუს ტბის იმ ნაწილს, სადაც მიმდინარეობს მშენებლობა, დაუბრუნდეს ლანდშაფტური რეკრეაციული ზონის სტატუსი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევაჩეროთ მიმდინარე მშენებლობა”, _ აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნება – თბილისელების” თავმჯდომარემ.
სხდომის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია შეიქმნას ჯგუფი, რომელიც განიხილავს იმ ნებართვების კანონიერებას, რომელიც გასხვისებას თუ სარეკრეაციო ზონის სტატუსის შეცვლას შეეხება.
“დედაქალაქში წყალომარაგების სისტემა გასაუმჯობესებელია. აუცილებელია, სადრენაჟო სისტემების მოწესრიგება. ასევე ძალიან მძიმე თემაა ლილოს პოლიგონი, რაც ძალიან აწუხებს იქ მცხოვრებ მოსახლეობას. ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა სარეკრეაციო ზონებათან მიმართებაში. ისეთ ცხელ წერტილებში როგორიცაა, მაგალითად, კუს ტბა, ასათიანის პარკი, თბილისის ზღვა დაა.შ. თითოეული საკითხი უნდა შევისწავლოთ ცალ-ცალკე.
ვფიქრობ, ამ საკითხებზე არაერთი შეხვედრა უნდა გაიმართოს თბილისის საკანონმდებლო ორგანოში და საკრებულომ უნდა მიიღოს რეალური გადაწყვეტილებები”, _ განაცხადა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – “დედამიწის მეგობრები” თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ.
დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ერთობლივი მუშაობის მომხრეა თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილიც:
“ეკოლოგიური საკითხები საკმაოდ მწვავედ დგას ქალაქში. საჭიროა, რომ ყველამ ერთად დავსახოთ გეგმები, რათა ქალაქში ამ მხრივ შეიქმნას უკეთესი მდგომარეობა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა მოვიცვათ საკანონმდებლო, თუ სხვა კუთხით. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც ვითანამშრომლოთ საკრებულოსთან და არასამთავრობო სექტორთან ამ საკითხების მოსაგვარებლად”, _ აღნიშნა გიორგი ქორქაშვილმა.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტში გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ თბილისში არსებულ გამწვანების პრობლემაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამაც უნდა იფიქროს. ცაგარეიშვილის თქმით, ამაზე საქართველოს პარლამენტიც მუშაობს.
“თბილისის ბაღ-პარკებს რაც შეეხება, ეს არის ტრაგედია. ფაქტობრივად, ცენტრალურ ხელისუფლებას ფეხი ამოუკვეთეს. არაფერის გაკეთება არ შეუძლია გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს. მაგრამ ამის მუდმივად გამეორებაც სამინისტროს მხრიდან, არ არის სწორი. ამას თბილისელი ვერ გაიგებს. აქაც უნდა შეძლო, თუ სხვაგან შეძელი. „თუ გაქვს თავი, მოდი და გამომისწორე პრობლემა“, – ესაა თბილისელების მოთხოვნა. ამ მიმართულებით გარემოს დაცვის კომიტეტი მუშაობს პარლამენტში. ფაქტობრივად, გადაწყვეტილი გვაქვს კანონპროექტი შევმუშაოთ. ჩვენ შევკრიბეთ მონაცემები და პარლამენტმა თებერვალში უნდა იმსჯელოს თბილის მწვანე ნარგავების ბედზე. ასევე ცვლილებებია შესატანი თბილისის მწვანე ნარგავების კანონის შესახებ კანონში. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში განსახორციელებელ თითოეულ პროექტზე იყოს წარმოდგენილი მონაცემები, რა ზემოქმედებას მოახენს ის გარემოზე. ეს არ იქნება ტიპიური გზშ. მაგრამ მიახლოებული იქნება მასთან. თუ მოინდომებს ვინმე მწვანე ნარგავების მოჭრას, უნდა დაევალოს იმ პიროვნებას მაკონპენსირებელი ქმედებები განახორციელოს. „ჭრი აქ, დარგავ იქ“, -ამ პრინციპით მოქმედებაა საჭირო”, _ აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნება-თბილისელების” თავმჯდომარემ გულიკო ზუმბაძემ განაცხადა, თბილისის საკრებულოში ანალოგიური შეხვედრები გაგრძელდება მანამ, სანამ დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა არ გამოსწორდება.