როგორც პროკურატურის დატოვების შემდეგ უგულავას ადვოკატმა გიორგი გერხაულმა განაცხადა, საქმის ძირითადი მასალები დაცვის მხარეს გადაეცა მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, დღეს კი, დაცვის მხარემ გადასცა მტკიცებულებები პროკურატურას და მისგან მიიღო დამატებითი მასალები.
ამასთან, ადვოკატმა განმარტა, რომ მისთვის უცნობია, მოხდება თუ არა გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება თბილისის განვითარების ფონდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე. ადვოკატის თქმით, ამაზე, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული არ აქვთ.
ადვოკატი აცხადებს, რომ გიგი უგულავასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით, განსაზღვრული ვადა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ უგულავა ბრალის წარდგინების მომენტში არ დაუკავებიათ. გერხაულის განმარტებით, რაც შეეხება საქმის განხილვის დასაწყისს, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა სამოცდღიან ვადაში უნდა გაიმართოს.