“ჯერ კიდევ ვისაც სჯერა უგულავას ნიანგის ცრემლების, ყველა ეჭვი გაეფანტება, როცა სარევიზიო კომისიის დასკვნას გაეცნობა. ეს დასკვნა სასაცილოს ხდის სევდია უგრეხელიძის განცხადებასაც. მე, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი და უშუალო ოპონენტი უგულავასი, არა ერთხელ ვაცხადებდი და ვასაჯაროვებდი იმ დოკუმენტებს, რომლებიც უგულავას აფიორას თვალნათელს ხდიდა. ის არის მრავალი აფიორის ავტორი. ვვარაუდობ და ამის თქმის საფუძველს მაძლევს იმ 8 წლის ანალიზი, რომელი წლებიც უგულავამ ქალაქის მერიაში გაატარა, რომ არის კიდევ უფრო მეტი დარღვევა, რომელიც ბიუჯეტის ფლანგვას უკავშირდება”.
გაბუნია აცხადებს, რომ სარევიზიო კომისიის დასკვნა უკვე გადაეცა პროკურატურას. მისი თქმით ყველა ბრალდება დაფუძნებულია კონკრეტულ ფაქტებზე. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ მომავალშიც საკრებულო გააგრძელებს მეთვალყურეობას მერიის ქმედებაზე და განსაკუთრებით უგულავას მიერ შეთავაზებულ 2014 წლის ბიუჯეტზე. გაბუნია ვარაუდობს, რომ მერის მოვალეობის შემსრულებელი, სევდია უგრეხელიძე გააგრძელებს უგულავას დაწყებულ საქმეს და ურჩევს მას, კორექტულობა გამოიჩინოს.
“ჩვენი შეფასებები ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს და ამას დაადასტურებს სარევიზიო კომისიის დასკვნაც. დასკვნაში საქმე ეხება რამოდენიმე ეპიზოდს. მაგალითად სატენდერო გარიგებებს, ასევე ავტობუსებთან დაკავშირებით ჩაშლილ ტენდერს და კიდევ სხვა აფიორებს. მე შორს ვარ იმ ილუზიიდან, რომ სევდია უგრეხელიძე და უგულავას გუნდი იგივეს არ გააკეთებს. უგულავამ გადაინაცვლა კულისებში, მაგრამ მაინც რჩება მთავარ რეჟისორად. თბილისის საკრებულო მომავალშიც გააკონტროლებს მერიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და თუ უგრეხელიძეს არ უნდა ჩაჰყვეს უგულავას პოლიტიკურ სამარეში, დროა გაემიჯნოს და ბიუჯეტის კორექტირებაში მოსახლეობის კეთილდღეობისათვის კორექტულობა გამოიჩინოს”.
ზაზა გაბუნია თქმით, დაწესებული რომ იყოს ნომინაცია ყველაზე არაადეკვატური შეფასებებისთვის, ამ ნომინაციის მფლობელები სევდია უგრეხელიძე და “ნაციონალური მოძრაობა” იქნებოდა.