შაშკინის განცხადებით, არც პარლამენტის თავმჯდომარე და არც პრემიერი არ არიან არჩეული პირდაპირ ხალხის მიერ, პრეზიდენტი მარგველაშვილიც ივანიშვილის გამო აირჩია ხალხმა.
“ამ სიტუაციაში არ არის მნიშვნელოვანი “ქოცი” ხარ თუ “ნაცი”. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმა მოსამართლემ ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ხაზი გადაუსვა ათასობით ამომრჩევლის ნების გამოხატულებას. ვის და რა გარანტია აქვს, რომ მომავალში იგივე ბედი არ ეწევა ხალხის მიერ არჩეულ ნებისმიერ ადამიანს?!”_ კითხულობს შაშკინი.
მისი შეფასებით, არჩეული მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ევროპის მძიმე რეაქცია მოჰყვება. უმცირესობის წარმომადგენელმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა ერთადერთ ოპოზიციურ ძალაზე მთავრობის მიერ ზეწოლად, რომელიც მერაბიშვილის საქმით დაიწყო და ახლაც გრძელდება ათობით ადამიანის დაკითხვით.
“შეტევა ერთადერთ პოლიტიკურ ოპოზიციაზე დაიწყო ვანო მერაბიშვილის გატაცებით მატროსოვის ციხიდან, გაგრძელდა არჩეული მერის გადაყენებით და ახლაც გრძელდება ათობით ადამიანის დაკითხვით, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები თუ ყოფილი ან არსებული თანამშრომლები. მე ძალიან მიჭირს ავხსნა როგორ “გააპრავებს” მთავრობა არჩეული მერის გადაყენებას საერთაშორისო საზოგადოებაში. ამაზე მძიმე რეაქცია ექნება ევროსაბჭოს, განსაკუთრებით თვითმმართველობის კომიტეტს და ეს ბუნებრივია, დაარტყამს ჩვენს ქვეყანას”.
შაშკინი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი მთავრობას ინვესტორებისთვის ქვეყანაში შექმნილი ხელსაყრელი და სტაბილური მდგომარეობა უნდა დაენახებინა და არ გამოეწვია კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა რევანშის აღების სურვილით.
“ეს სამთვიანი ფანჯარა, იმის მაგივრად, რომ ინვესტიციების მოსაზიდად გამოეყენებინათ, გამოიყენეს რევანშისთვის. ეს ქვეყანას მოუტანს იმას, რომ მინიმუმ ნახევარი წელი ის სოციალური ბიუჯეტი, რომელიც არის ორიენტირებული სოციალურ მხარეებზე, ვერ მიიღებს იმ ინვესტიციებს და გადასახადებს, რომლებიც ასე სჭირდება ჩვენს ქვეყანას”.
შაშკინი შეეხო იმ ფირებსაც, რომელთა გადაცემასაც “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს ვანო მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მას, როგორც სასჯელაღსრულების ყოფილ მინისტრს აქვს ინფორმაცია დამონტაჟებული სერვერების შესახებ და შეუძლია დანამდვილებით განაცხადოს, რომ აღნიშნული ფირები ინფორმაციას ორი კვირის განმავლობაში ინახავენ.
“ყველა სათვალთვალო კამერა, რომელიც არის დაყენებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იწერს და ეს არ არის ონლაინ-რეჟიმში გადაცემული ინფორმაცია. არა მარტო “მატროსოვის ციხე”, არამედ ყველა დაწესებულება, რომელიც რეგიონშია, პირდაპირ არის დაკავშირებული სად-ის მთავარ ოფისთან და ეს მონაცმებიც იწერება. სერვერებს გააჩნიათ შესაძლებლობა, შეინახონ ეს ინფორმაცია მინიმუმ, ორი კვირის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, თუ არის დაინტერესება ხელისუფლების მხრიდან, ამ ინფორმაციის ამოღება შესაძლებელია. გარდა ამისა, მარშრუტზე, რომლითაც გადაადგილდებოდნენ ის ადამიანები, რომლებმაც გაიტაცეს ვანო მერაბიშვილი, არის მინიმუმ, ორი ბანკი და მათ ასევე უყენიათ სათვალთვალო კამერები, ასევე გზებზე აყენია საგზაო უსაფრთხოებისთვის კამარები,” _ განაცხადა შაშკინმა.