კანონპროექტის მიხედვით, 2004 წლის 22-24 აგვისტო 2004 წლის აგვისტოს თვით ჩანაცვლდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, კომპენსაცია მიეცემა ყველა იმ სამხედრო პირისა თუ სამოქალაქო პირის ოჯახებს, რომლებიც 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაიღუპნენ. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ცვლილებას მხარი დაუჭირეს.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის ინფორმაციით, იმ სამხედრო პირებს, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მსახურობდნენ, დამატებით 30 დღიანი შვებულება მიეცემათ. გარდა ამისა, კანონში “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც სამსახურიდან დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 3 თვემდე გაიზრდება. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.
სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტის მიხედვით, პენსიით უზრუნველყოფილი იქნება პროკურატურის ყველა ის თანამშრომელი, რომლის სამუშაო სტაჟი 20 წელს შეადგენს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებას მხარი დაუჭირეს.