“გირაო არ გადამიხდია და არ ვიცი, შევძლებ თუ არა. გირაოს არ გადავიხდი და შემაბრუნონ ციხეში. თუ ამ ხელისუფლების მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს ციხეში, კი ბატონო, შემებრუნონ. შემიძლია პირდაპირ განვაცხადო, რომ ხარშილაძის დაკავება უკავშირდება ყოფილი პრემიერის საქმეს. გახსოვთ ალბათ, ჯერ კიდევ პრემიერი და ბესელია აცხადებდნენ, რომ ხარშილაძე დაკავებული იყო ჟვანიას საქმეზე, მაშინ, როცა ჩვენ გვეგონა, რომ ეს ფაქტი „გრინსერვისის“ საქმეს უკავშირდებოდა. როგორც თავად კობასგან ვიცი, გამოძიების ყველა კითხვას პასუხი აქვს გაცემული და თვითონაც ამბობდა, განასაჯაროვონ საქმის მასალებიო”.
კობა ხარშილაძის დაკავებას გამოეხმაურა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს მდივანი არმაზ ახვლედიანი და განაცხადა, რომ მისი დაკავება კონკრეტულ საქმეზე მოხდა, თუმცა რა დეტალები გამოჩნდება გამოძიების მსვლელობისას, ეს უკვე სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა. მისი თქმით კანონი ყველასთვის ერთია და კანონის წინაშე პასუხი ყველამ უნდა აგოს.
“სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვწონს თუ არ მოგვწონს პატივი უნდა ვცეთ. მეორე მხრივ არსებობს საზოგადოება და სახელმწიფო, რომელსაც ყოველთვის გააჩნია ბერკეტები იმისათვის, რომ დაუზუსტებელი რამ დააზუსტოს და გაარკვიოს. კობა ხარშილაძე დაკავებულია კონკრეტულ საქმეზე, სამეურნეო ხასიათის თემაზე და ამ კუთხით წავა გამოძიება. თუმცა შემდგომში რა შეიძლება დაემატოს, რა შეიძლება გამოვლინდეს, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ. ერთი რამ კი ცხადია, დღევანდელი ხელსუფლების წარმომადგენელი იქნება თუ გუშინდელი ხელისუფლებისა, თუ დანაშაული ჩადენილია, პასუხი უნდა აგოს”.
თავად დაკავებული კი მიიჩნევს, რომ მისი დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდება.
“ადვოკატი გაეცნო ახალ გარემოებებს, თითქოს მე ვაპირებდი თურქეთში გაქცევას და ეს მტკიცდებოდა იმით, რომ თურმე დამიჯავშნია ბილეთები თურქეთის მიმართულებით, რაც არის სრული სიცრუე, მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი. მიმაჩნია, რომ ჩემი დაკავება ზურაბ ჟვანიას საქმეს უკავშირდება”.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა კობა ხარშილაძის ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ და განაცხადა, რომ მას შემდეგ რაც სააპელაციო სასამართლომ დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა, გაუმყარდა ეჭვი კობა ხარშილაძის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დაკავების შესახებ.
“სასამართლოს გადაწყვეტილებით კობა ხარშილაძეს 400 ათას ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, უკვე გასაგებია რისთვისაც უნდოდათ კობა ხარშილაძის ციხეში ჩასმა. რა თქმა უნდა, ესუკავშირდება ჟვანიას საქმეს”.
რაც შეეხება ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებას, მან თქვა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი რეალური არ იყო.
“ბრალდებამ პროცესზე წარმოადგინა დოკუმენტი, თითქოს ხარშილაძეს ბილეთები და თურქეთში სასტუმრო ჰქონდა დაჯავშნული. აღნიშნული პროცედურის განხორციელება ძალიან მარტივია და პროცესის მიმდინარეობისას ჩვენ თვითონ დავუჯავშნეთ პროკურორს ბილეთები იმის დემონსტრირებისთვის, რომ ამის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. კობას დაჯავშნის პროცედურა არ განუხორციელებია. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ხარშილაძის დაპატიმრების საფუძვლები შეექმნათ”.
შეგახსენებთ, რომ ექს–პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ამჟამად ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე ხარშილაძეს 400 ათასი ლარის ოდენობის გირაო პატიმრობით შეუცვალა.ხარშილაძე 16 დეკემბერს დააკავეს. ის თავის დროზე პრემიერ ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი იყო.