სხდომაზე, რომელსაც 27 დეპუტატი ესწრებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს, რომელთაგან უმთავრესი პირველი იყო _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების დამტკიცების თაობაზე.
მომხსენებელმა, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ალექსანდრე ბერიძემ განმარტა, რომ 2014 წლის ოზურგეთის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები განისაზღვრა 11557.8 ათასი ლარის ოდენობით და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ჩამოთვალა, რა რაოდენობის თანხა მოხმარდება სხვადასხვა სფეროებს _ ჯანმრთელობის დაცვას მოხმარდება 967,0 ათასი ლარი, დასვენების, სპორტის და რელიგიისთვის განკუთვნილია 2756,0 ათასი ლარი, სოციალური დაცვის პროგრამებისთვის _ 780,0 ათასი ლარი, განათლების პროგრამებისთვის დაგეგმილია 198,0 ათასი ლარი, სპორტული პროგრამებისთვის კი – 973,0 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურული მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციისთვის გათვალისწინებულია 2049 ათასი ლარი, რომელშიც შედის გზების რეაბილიტაცია და შენახვა, მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის მომსახურება, დასუფთავების ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების ხარჯები.
დეპუტატმა კახაბერ ღლონტმა, რომელიც საკრებულოში ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, დასვა საკითხი, საქართველოს მთლიაობისთვის ომში დაჭრილთათვის გათვალისწინებული დახმარება 22 ლარი, ბევრი ვერაფერი შეღავათია და თუ შესაძლებელია, ბიუჯეტში გაითვალისწინონ თითოეულისთვის წლიურად 137 ლარის ოდენობით დახმარება. მისივე თქმით, ეს თანხა გამოიანგარიშა იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის და ღირებულების ბუნებრივ აირს ხარჯავს წლიურად ერთი ოჯახი. საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.
საბოლოოდ ბიუჯეტის პროექტს კენჭი უყარეს და დაამტკიცეს 25 ხმით ორის წინააღმდეგ.