სამინისტრომ ერთ დღეში, სასმელების შესაძენად 14 400 ლარი დახარჯა.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რისთვის დასჭირდა კულტურის სამინისტროს ამ რაოდენობის სასმელების ყიდვა, თუმცა, პრესსამსახურში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხეს. სამინისტროდან პასუხის მიღება ვერც მეილზე გაგზავნილი წერილის შემდეგ შევძელით.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2013 წლის 29 ნოემბერს “გუდვილში” 1 ბოთლ სარაჯიშვილის კონიაკში (ბრენდი – XO, 0,75) 145.64 ლარი გადაიხადა.
_ ცესკოს დელეგაცია იმყოფებოდა მალაიზიაში კონფერენციაზე და საჩუქრად ერთი ბოთლი კონიაკის წაიღეს, _ გვითხრა ცესკ-ოს საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან დანგაძემ.
თუ ქართული კონიაკის საჩუქრად მალაიზიაში წაღება ადვილად ასახსნელი დანახარჯია, გაუგებარია რატომ იქნა გადახდილი 2013 წლის 29 იანვარს, სახელმწიფო საწარმო “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” მიერ, შპს “გუდვილში” შეძენილ 1 ბოთლ კონიაკში “HENNESSY X.O” 455 ლარი.
სახელმწიფო ბიუჯეტს 2 თებერვალს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” მიერ “სარაჯიშვილის” 6 ბოთლი (ბრენდი XO) შეძენა 873 ლარი დაუჯდა.
ამავე საწარმომ 17 აპრილს “ქართული ღვინის სახლში” ერთ ბოთლ “სარაჯიშვილის” კონიაკში 143 ლარი და ერთ ბოთლ ღვინო “უსახელაურში” 170 ლარი გადაიხადა.
2013 წლის 5 ივლისს, “მარაბდა-კარწახის რკინიგზამ” “გუდვილში” სარჯიშვილის კონიაკი 145 ლარად შეიძინა.
“მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა ბოლქვაძე “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” პრესსამსახურის კოორდინატებს ჯერ კიდევ დილით დაგვპირდა, თუმცა, შემდგომ, მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” ოფიციალურ საიტზე კი მხოლოდ ქალაქის ტელეფონის ნომერია მითითებული, რომელზეც დილიდან არავინ პასუხობს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემამ შპს “სმარტ რუსთაველში” მიმდინარე წლის 13 ნოემბერს 15 ცალ ჭაჭაში (“შატო მუხრანი”) 742 ლარი გადაიხადეს (ერთი ცალის ღირებულება 49 ლარი და 50 თეთრი.)
უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო ჯარანაშვილის თქმით, სახელმწიფო ელექტრო სისტემას დელეგაციები ხშირად სტუმრობს:
_ როდესაც დელეგაციები გვსტუმრობენ, არ ვქირაობთ კომპანიებს, ვყიდულობთ პროდუქტებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აწყობს ყავით გამასპინძლებას.. რაც შეეხება “ჭაჭას“, ის გადავეცით რუსებს. დელეგაცია იყო ჩამოსული _ რუსეთის მთავრი დისპეჩერი, სამხრეთის ცენტრალური სადისპეჩეროს მთავარი დისპეჩერები, რომლებთანაც ჩვენ საკმაოდ კარგი ურთიერთობები გვაქვს და შესაბამისად, მათ “ჭაჭა“ სასაჩუქრედ გავატანეთ, როგორც რუსებს უყვართ, _ გვითხრა ჯარანაშვილმა.
“გურია ნიუსი” ნებისმიერ დროს მზად არის გამოაქვეყნოს მასალაში აღნიშნული უწყებების პასუხი, თუკი, რა თქმა უნდა, მოგვაწვდიან.