(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრმა _ “იავნანამ” საანგარიშო კონცერტი გამართა. ღონისძიება სახელწოდებით _ “ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით” სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩატარდა. დღის ცენტრი “იავნანა” უკვე ერთი წელია მზრუნველობამოკლებულ ლანჩხუთელ ბავშვებს თანადგომას უწევს. ღონისძიება სარეაბილიტაციო ცენტრ “იავნანას” ხელმძღვანელმა ია მგელაძემ გახსნა, მან სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი სცენაზე ბავშვებს უხმო და ერთი წლის მანძილზე “იავნანაში” გატარებულ დღეებზე, შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებაზე საუბარი სთხოვა. “იავნანას” ბავშვებმა სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, წაიკითხეს ლექსები და ქართული ნაწარმოებებიდან სცენები წარმოგვიდგინეს.