(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის ჭადრების ბაღში სპორტულ-გასართობი ღონისძიება _ “მსოფლიო არდადეგები 2”, 22 ივლისს გაიმართა. ღონისძიების ორგანიზება ახალგაზრდულმა კავშირმა _ “ევროპელებმა” უზრუნველყო.
ღონისძიება ერთიანი ეროვნული გამოცდების დამთავრებას მიეძღვნა. ღონისძიების ორგანიზატორის ვალერიან ქარჩავას თქმით, დაგეგმილია შეჯიბრება მაგიდის ჩოგბურთში, ისრების სროლაში, მავთულხლართით თამაშში, წყლიდან სათამაშოების ამოღებაში: “ჩვენც ახალგაზრდები ვართ და გული შეგვტკივა, რომ დატვირთული დღის შემდეგ, ბავშვებს არ აქვთ ადგილი, სადაც გაერთობიან და დასვენებას მოახერხებენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ “მსოფლიო არდადეგები 2-ის” ორგანიზება,” _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას ქარჩავამ.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. ისინი ერთმანეთს სხეულზე და ასფალტზე ხატვაში ეჯიბრებოდნენ. გამარჯვებულებს სამხატვრო სკოლის პედაგოგებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
“მსოფლიო არდადეგები 2” დღის ბოლომდე გაგრძელდა და მასში ჩართულები იყვნენ ოზურგეთისა და მიმდებარე სოფლების აბიტურიენტები.
აღნიშნული ღონისძიება ოზურგეთში უკვე მეორედ გაიმართა. გასულ წელს “მსოფლიო არდადეგები 1” ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა.