ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გია გიორგაძე პოლონეთიდან გასულ კვირას დაბრუნდა. პოლონეთში, მასთან ერთად, ჩოხატაურის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსი დიმიტრი მეგრელიშვილი და ოზურგეთისა და ლანჩხუთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
16-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამით _ “თანამშრომლობა და განვითარება”, გახორციელდა, გურულმა დელეგატებმა სტაჟირება გაიარეს ქალაქ კელცეს საგანგებო სიტუაციების მართვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტში.
_ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ძირითადად, შეეხო კრიზისული სიტუაციების დროს თვითმმართველობის როლის ამაღლებას და კოორდინირებული მუშაობის დაგეგმვას. მოხდა გაცნობა საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლონურ ვარიანტთან, რომლის მიხედვითაც, ქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვისა და უსაფრთხოების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს სახანძრო სამაშველო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურებსა და პოლიციას. პროექტის მიმდინარეობისას მოხდა ქალაქ კელცეს საგანგებო სიტუაციების და უსაფრთხოების დეპარტამენტის საორგანიზაციო სტრუქტურების გაცნობა, კრიზისული სიტუაციების მართვის რაიონული ჯგუფის საქმიანობის, კომპეტენციების გაცნობა და გამოცდილების გაზიარება საქართველოში შემდგომში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგაძემ.
გიორგაძის თქმით, პოლონურმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს ამ ინოვაციის დამეგობრებულ ქვეყნებში დანერგვას: _ შემდგომი თანამშრომლობისა და დახმარების გაგრძელების მიზნით, პოლონური მხრიდან, გურიის რეგიონისთვის შემოთავაზებული იქნა საჭირო ტექნიკა, რომელიც ძალიან მალე ჩამოვა. ეს ვიზიტი, შინაარსით და შემდგომი პერსპექტივის მიხედვით, შედეგიანი იყო, _ დასძინა გამგებელმა.