მედიასაშუალება ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით მიუთითებდა, რომ, სოზარ სუბარმა 2013 წელს 2 ბინა შეიძინა, მესამე ბინის შესაძენად კი სესხი აიღო.
განვმარტავთ, რომ გასულ წელს, მინისტრმა სოზარ სუბარმა მართლაც შეიძინა ბინა, რისთვისაც ბანკიდან 140 ათასი დოლარის ოდენობის, 10-წლიანი სესხი აიღო. დარჩენილი თანხა კი საკუთარი დანაზოგით დაფარა. სესხის ოდენობისა და მიზნის შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულია. იმის შესახებ, რომ ბინის შეძენას გეგმავდა, მინისტრმა ჯერ კიდევ გასული წლის 3 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემაში “ღია კარის დღე” ისაუბრა.
რაც შეეხება მეორე ბინას, სოზარ სუბარმა 2005 წელს, სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში, ბინის შეძენის მიზნით ხელშეკრულება დადო ამხანაგობა “ისნის სავანესთან”. საცხოვრებელი ბინა არ აშენებულა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება მოქმედია, ამის შესახებ 2013 წლისა და გასული წლების დეკლარაციებშიც არის აღნიშნული.
მინისტრი სოზარ სუბარი თბილისში მხოლოდ ერთ ბინას ფლობს. რაც შეეხება ბინას, სადაც მინისტრი ოჯახთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა, ახალი საცხოვრებელი ბინის შეძენის შემდეგ, მინისტრმა საკუთარი წილი ძმას დაუთმო.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
რედაქციისგან: ვებგვერდზე www.gurianews.com შესაბამისი მასალა ჩასწორებულია სამინისტროს განმარტების შესაბამისად.