კავშირის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მეტრეველმა სპეციალური განცხადებით მიმართა თბილისის მერიას და საკრებულოს.
“წინა ხელისუფლების პირობებში მასიურად მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობები, რის შედეგადაც მწვანე ნარგავების მასიური გაჩეხვა ხდებოდა. სამწუხაროდ, დღესაც იგივე გრძელდება, ამის ნათელი დასტურია ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეკრეაციულ ზონაში, ვაკის პარკში სასტუმროს სრულიად უკანონო მშენებლობა, რომლის დროსაც რამდენიმე ათეული ხე იქნა გაჩეხილი. ამ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თბილისის მერიას, კერძოდ კი ყოფილ მერს, გიგი უგულავას.
კიდევ ერთხელ მივმართავთ თბილისის საკრებულოს წევრებს, პირადად ირაკლი შიხიაშვილს, როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაცვლად დიდი ოდენობით პრემიების გაცემისა, აიღონ პასუხისგმებლობა აღნიშნულ უკანონო ქმედებებზე და დროულად აღკვეთონ ვაკის პარკის მწვანე საფარის განადგურება”.
დღესვე, აღნიშნული საკითხი შეაფასა თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და განაცხადა, რომ სასტუმროს მშენებლობის პროექტი უკვე შეთანხმებულია, ხოლო მისი აშენება-არ აშენების საკითხი ადმინისტრაციული განხილვის ან სასამართლო განხილვის ფარგლებში გადაწყდება. მისი თქმით ვაკის რაიონში სასტუმრო თბილისის განვითარებას მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს.
“ვინაიდან ვაკის რაიონში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით უნებლიედ თუ მიზანმიმართულად მოხდა ჩემი პოზიციის დამახინჯებული ინტერპრეტირება, საჭიროდ მიმაჩნია, დავაკონკრეტო და საზოგადოებას განვუმარტო, რომ რესტორან “ბუდაპეშტის” ადგილზე აშენდება თუ არა სასტუმრო – დაწყებული ადმინისტრაციული განხილვის ან სასამართლო განხილვის ფარგლებში გადაწყდება. რაც შეეხება ჩემს პირად მოსაზრებას, მიმაჩნია, რომ შეთანხმებული პროექტი თბილისის განვითარებას მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე ზიანს და ის სწორედ ქალაქის ინტერესებს ემსახურება”, _ ნათქვამია მერის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.