“სამწუხაროდ, ხელისუფლება განაგრძობს სირაქლემას პოზაში ყოფნას. ისინი ჯიუტად არ იწყებენ გამოძიებას ვანო მერაბიშვილზე განხორციელებული ზეწოლისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ყოფილი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხრიდან. გარდა ამისა, უკანონობას დაემატა კიდევ ერთი უკანონობა ანუ ჩადენილია ორი დანაშაული. ახლა უკვე დამატებით დანაშაულის დაფარვასთან გვაქვს საქმე. ჩვენი ინფორმაციით ეს კადრები, რომელიც გამოძიების მსვლელობის დროს გახდებოდა აუცილებელი დოკუმენტი იმისა, რომ დამტკიცებულიყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანისა და მასზე ზეწოლის ფაქტი, არის განადგურებული და ამ განადგურებაში მონაწილეობდა სასჯელაღსრულების ამჟამინდელი მინისტრი სოზარ სუბარი”, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ.
დღესვე ამავე თემას შეეხო რეფორმატორთა კლუბის ხელმძღვანელი დიმიტრი შაშკინი და განაცხადა, რომ ფირების ჩვენება სიმართლეს დაანახებდა საზოგადოებას.
“ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ და არც პოლიტიკური კუთხით მივუდგეთ და არც სამართლებრივი კუთხით, თუ ეს ფირები დაამტკიცებდა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ხომ ისევ მათ წისქვილზე დაასხამდა წყალს და ყველა დაინახავდა სიმართლეს. აქედან გამომდინარე, რადგან არ სურთ ამ ფირების გასაჯაროვება, დასკვნა ერთია-ეს ფირები მხოლოდ მერაბიშვილის განცხადების სიმართლეზე მეტყველებს”.