ასევე, კილოგრამი ხორცი 10 ლარი ღირს, გოჭს კი, ცოცხალი წონის მიხედვით, კილოგრამს ცხრა ლარად ყიდიან. საშუალო სიდიდის ცოცხალი ქათამი 14-18 ლარი ღირს. შედარებით იაფია დაკლული ქათამი. განსაკუთრებით პოპულარული მაკვანეთის ქათამი დაკლული ფორმით უხვადაა დახლებზე და კილოგრამი ექვსი ლარი ღირს. გურულების სუფრისთვის ასე პოპულარული ინდაური, რომლის საცივის გარეშე ტრადიციული სუფრა წარმოუდგენელია, ძალიან ძვირია. ოზურგეთის ბაზარში ის საკმაოდ ბევრია გასაყიდად და მყიდველიც არაა ცოტა.
_ რა ღირს მამალი ინდაური? _ ვკითხეთ ქალბატონს, რომელიც ინდაურებთან ერთად, ქათმებსაც ჰყიდდა.
_ 70 ლარზე ნაკლებად არ გავყიდი, მარა ამ საკალანდოდ კი დევიდევი ჩემი ინდოურების ცოდვა, უფულობას რა ვუთხარი თვარა… შეხედე, ნენა, რაფერ წეეტანენ ერთმანეთს, მანდამაინც ამ შუა ბაზარში სიყვარულობენ…მაგენს გადუუღე, ერთი.. _ ახითხითდა გურული ქალბატონი და ინდაურებისკენ მიგვითითა.
_ მაგენსაც უხარიათ კალანდა, წეიყვანე ახლა სახლში, თუ ასე გეცოდება და ერთხანს მაინც გეყოლება დუუკლავი, _ გამოეპასუხა ჩვენს რესპონდენტს შორიახლო დახლთან მდგომი მემწვანილე და თავისთან მიგვიპატიჟა. რომ გაიგო, მხოლოდ ფასები გვაინტერესებდა, გურული იუმორით “წაისისინა” – მეტი საქმე აფერი გაქ ამ დილას, იქით ის ინდოურები დანაფსო და აქით მეო?
გურული საკალანდო ბაზარი ვერც მწვანილეულის სიიაფით დაიკვეხნის: კილოგრამი ბოლოკი ორი ლარი ღირს, საშუალო სიდიდის თითო კონა მწვანე ხახვი და წიწმატი, შესაბამისად – ერთი ლარი, ტარხუნა კი, რომელსაც ზოგიერთი გულდაგულ დაეძებდა, არსად ჩანდა.