ერთი ქალბატონი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი, საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად, 27 ივლისს იპოვეს.
შემთხვევა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტ გომისმთაზე მოხდა _ 25 ივლისს, სასეირნოდ გასული ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშვები მას შემდეგ გაუჩინარდნენ, როცა მთაში ნისლი ჩამოწვა და კოკისპირულად გაწვიმდა.
როგორც ბავშვების ბებიამ, ქალბატონმა ნათელამ გვითხრა, მისი შვილიშვილი, 14 წლის გოგონა წყალმა წაიღო და დედა მიეშველა: _ როგორც ვიცი, მდინარის მეორე ნაპირზე აღმოჩნდნენ. წყალიც ადიდდა და ვეღარ მოახერხეს გადმოსვლა.
ამის შემდეგ, ტყეში კარავი უპოვიათ და თავი შეუფარებიათ. დაკარგულები ორი დღის განმავლობაში მშიერ-მწყურვალნი იყვნენ.რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, ისინი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.
“ვერტმფრენით ეძებდნენ და გუშინ, შუადღისას უვნებლებს მიაგნეს. როგორც ვიცი, ახლა კარგად არიან”, _ გვითხრა ქალბატონმა ნათელამ.